მსოფლიო დღეს

ბოლო ცნობები თურქეთიდან: მე-10 დღეს გადარჩენილი ქალი, მსხვერპლი და ზარალი - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თურქეთის პროვინცია კაჰმარანმარაშის ქალაქ ადიამანში მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს ასაკოვანი ქალბატონი, რომელმაც მიწისძვრით განადგურებული შენობის ნანგრევების ქვეშ 212 საათი გაატარა, იუწყება თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu.
გავრცელებული ინფორმაციით, 77 წლის ფატმა გიუნგორი შვიდსართულიანი კორპუსის ნანგრევებში იყო ჩამარხული.
თურქეთისა და სირიის უბედურების ზონებში, მიუხედავად იმისა, რომ ცოცხლად გადარჩენილების პოვნის შანსები სულ უფრო მცირდება, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ისევ გრძელდება.
ამ დროის მონაცემებით, რეგიონში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა, რომელიც საუკუნის უძლიერეს სტიქიურ კატასტროფადაა შეფასებული, 36 ათას ადამიანს აღწევს. აქედან თურქეთში 31,6 ათასი ადამიანია დაღუპული, სირიაში — 4300. ამასთან თურქეთში დაშავებულთა რაოდენობა 105.505 კაცია.
რაც შეეხება კატასტროფით მიყენებულ მატერიალურ ზარალს, თურქეთის სამეწარმეო და ბიზნესის კონფედერაციის ცნობით, ქვეყანას 84,1 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რომლის ექსპერტებიც ჯერ ისევ სწავლობენ მომხდარის მასშტაბებს, 6 თებერვლის ორი გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად სულ რეგიონში 26 მილიონი ადამიანი დაზარალდა.