თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებაზე და ამაზე ხელისუფლების არაადეკვატურ რეაქციაზე.
დოკუმენტს ევროპარლამენტის 577-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი იყო 33, ხოლო თავი შეიკავა 26-მა დეპუტატმა.
„ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებისა და საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატური რეაგირების გამო“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისეთი პატიმრების მკურნალობა, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლაკმუსის ქაღალდია საქართველოს მთავრობისთვის, რომელმაც უნდა დაამტკიცოს ევროპული ღირებულებებისა და გაცხადებული ევროპული მისწრაფების ერთგულება, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. მიეცეს მას უფლება, მიიღოს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ საფუძველზე“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სააკაშვილის გათავისუფლება საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.
ევროპარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც შესთავაზა, გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს სააკაშვილი.
დოკუმენტში აღნიშნულია ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადება ყველა მხარისადმი მოწოდებით, დაარეგულირონ ვითარება სააკაშვილთან დაკავშირებით, რათა საქართველოს პოლიტიკაში ცენტრალური ადგილი ევროპული რეფორმების წარმატებულმა დანერგვამ დაიკავოს.
ევროპარლამენტმა რეზოლუციაში შეახსენა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე, მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდებაზე და ძირითადი უფლებებისა და პირადი ღირსების პატივისცემაზე.
„ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ განგრძობადი წარუმატებლობა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეში გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას და შეზღუდავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ასევე აღნიშნულია, რომ „პატიმრობაში სააკაშვილის სიკვდილი დარტყმა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის“.
რეზოლუცია მიიღეს ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტიის – „ევროპის სახალხო პარტიის“ შესწორებით საქართველოს ექს-პრემიერის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობის შესახებ „საქართველოს პოლიტიკური პროცესის დაზიანებაში მისი როლის გამო“.
დოკუმენტში ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც ოლიგარქი და აღნიშნულია მისი საკვანძო როლი იმაში, რომ სააკაშვილი ჯერ კიდევ პატიმრობაშია. რეზოლუციაში მიღებული შესწორების მიხედვით, ივანიშვილი ამგვარად იძიებს შურს სააკაშვილზე.
რეზოლუცია ევროპარლამენტის ოთხმა ჯგუფმა შეიმუშავა – „ევროპის სახალხო პარტიამ“, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“, „ევროპის განახლებამ“ და „მწვანეთა ალიანსმა“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
მეორე დღეს, 7 თებერვალს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებისა და მისი უარის გათვალისწინებით – აღიაროს და მოინანიოს დანაშაულები – სავარაუდოა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ექს-პრეზიდენტი აქტიური მოწინააღმდეგე გახდება არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის რეპუტაციისა და ევროპული პერსპექტივის.
ამასთან, მან დასძინა, რომ შეწყალების შემთხვევაში სააკაშვილი არ გათავისუფლდება, რადგან ის კიდევ სამ საქმეზეა ბრალდებული.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.