თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 45 პირი დააკავეს, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მომზადების, გასაღების მცდელობის, ასევე ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანის ფაქტებზე საქართველოს 31 და უცხოეთის 14 მოქალაქეა დაკავებული.
დაკავებულებიდან ყველაზე უმცროსი 2004 წელსაა დაბადებული, ხოლო ყველაზე უფროსი – 1963 წელს.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკების გასაღების ფაქტების დასამტკიცებლად რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და მათი ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, კოკაინი, „ალფა პვპ", „ბუპრენორფინი", „სუბოქსინი“, „ექსტაზი“, „ლსდ“, „მეტადონი“, „კეტამინი", „მეფედრონი", „მეტამფეტამინი", „მდმა", „ამფეტამინი", ე.წ. ბიო, მარიხუანა, „ტრამადოლი“ და სხვ.
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
წყარო - შსს