თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. საქართველოში 2022 წელს უცხოელების მიერ დახარჯული თანხების 60%-ზე მეტი საკვებზე, სასმელსა და განთავსებაზე მოდის, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
2022 წელს საქართველომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით, რომელმაც 3,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა, ვიზიტების რიცხვით რეკორდული, 2019 წლის მაჩვენებელი 7,6%-ით გააუმჯობესა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში დახარჯეს 10,8 მლრდ ლარი, საიდანაც 64,2% საკვებსა და განთავსებაზე მოდის.
სტატისტიკის თანახმად, უცხოელი საქართველოში ვიზიტისას საშუალოდ 2,3 ათას ლარს ხარჯავს, საიდანაც დაახლოებით 1500 ლარი იხარჯება საკვებსა და განთავსებაზე (საქართველოში საშუალოდ 6,3 ღამის ყოფნის შემთხვევაში).
2022 წელს უცხოელებმა საყიდლებზე 1,7 მილიარდი ლარი დახარჯეს, გასართობ, სპორტულ, კულტურულ და გამაჯანსაღებელ ღონისძიებებზე - 1,2 მილიარდი ლარი.
ადგილობრივი ტრანსპორტით მგზავრობა ვიზიტორებს 2022 წელს 858,7 მილიონი ლარი დაუჯდათ.
ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, ერთი ვიზიტის განმავლობაში თითოეული ტურისტი საყიდლებზე საშუალოდ 355 ლარს ხარჯავდა, სხვადასხვა გასართობზე - 247,6 ლარს, ტრანსპორტზე კი 182,6 ლარს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს 3,9 მილიონმა საერთაშორისო ვიზიტორმა საქართველოში 4,7 მილიონი ვიზიტი განახორციელა.
ამასთან, ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, ისინი საქართველოში ჩამოსულთა საერთო რაოდენობის 23,3%-ს შეადგენდნენ. ისინი ასევე ლიდერობენ ვიზიტების რაოდენობითაც: 915,1 ათასმა რუსეთის მოქალაქემ საქართველოში 1,1 მილიონი ვიზიტი განახორციელა.
პირველ სამეულში ასევე მოხვდნენ თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეებიც. თურქეთის მოქალაქეებმა 925,6 ათასი ვიზიტი განახორციელეს, ხოლო სომხეთის მოქალაქეებმა - 742,6 ათასი.
წყარო - საქსტატი