ქუთაისის აეროპორტში მაჩვენებლებმა პანდემიანდელ მონაცემებს გადააჭარბა

ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის იანვარში მგზავრთნაკადი, 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 53%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 56%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,
კომპანიის ცნობით, იანვარში ქუთაისის აეროპორტით 85.508-მა მგზავრმა ისარგებლა. პანდემიამდე, 2019 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 55.895 იყო.
მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო.
იანვარში აეროპორტი 294 რეისს მოემსახურა, მაშინ, როცა 2019 წლის იანვარში 188 რეისი იყო შესრულებული.
ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისში ავიაბაზას აფართოებს>>
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.
კომპანია მგზავრებს ასევე სიახლეების შესახებაც ახსენებს. კერძოდ, 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით.
2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს