თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. პოლიციის რეფორმის ფარგლებში მართლწესრიგის ინსტიტუტი თბილისის შემდეგ რუსთავშიც ამოქმედდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართლწესრიგის 19 ოფიცერი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობას უკვე შეუდგა.
ოფიცრების შერჩევა საკონკურსო წესით მოხდა. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეკვირიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.
მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.
მის ფუნქცია-მოვალეობებში ასევე შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება და ა.შ.
მართლწესრიგის ოფიცერთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გაიზრდება და ინსტიტუტი ყველა მსხვილ ქალაქში ამოქმედდება.