თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე და მიაღწევს გარკვეულ შედეგებს, განაცხადა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.
მერაბიშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, მხარს უჭერს პარტიის ახალ ლიდერს ლევან ხაბეიშვილს, რომელიც თავმჯდომარედ 6 თებერვალს აირჩიეს. უკვე 9 თებერვალს პარტიამ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. სააკაშვილს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
„დარწმუნებული ვარ, ახალი ხელმძღვანელობა მიაღწევს იმას, რომ თქვენც შეამჩნევთ, როგორ შეიცვლება სიტუაცია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში თქვენ და, რაც მთავარია, საქართველოს მთავრობაც შეამჩნევს, რომ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა რეალურად იბრძვის სააკაშვილის დასაცავად", – განაცხადა მერაბიშვილმა გადაცემა „ფეიგინ LIVE"-ის ეთერში.
ამასთან, ყოფილმა მინისტრმა ოპოზიციურ პარტიაში ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიული უწოდა და აღნიშნა, რომ ყოფილ ხელმძღვანელობასთან ძირითადი პრეტენზიები იყო არააქტიურობა სააკაშვილის დაცვის საკითხებში და პასიური დამოკიდებულება მიტინგების მიმართ.
რაც შეეხება პარტიის ახალ ხელმძღვანელობას, მერაბიშვილი კმაყოფილია იმით, რომ ბოლო კვირაში ქვეყანაში უკვე გაიმართა საპროტესტო აქციები სააკაშვილის მხარდასაჭერად.
ბოლო დროს დასავლეთში ვითარება სააკაშვილის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ირგვლივ უმჯობესდება. ჩვენი პარტია მალე ძალიან აქტიურად იმოქმედებს ამ მიმართულებით, და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი პრესინგით ეს რამე შედეგებს მოგვცემს, განაცხადა მერაბიშვილმა.
მერაბიშვილმა ამჟამინდელ ხელისუფლებას ბრალი დასდო საგარეო პოლიტიკური კურსიდან გადახვევაში. მისი თქმით, საქართველო ყოველთვის იყო ევროპულ სტრუქტურებში, ნატოში ინტეგრაციის ლიდერი, ახლა კი აუტსაიდერი გახდა. ხოლო სააკაშვილის წამება კიდევ უფრო აუარესებს მდგომარეობას საქართველოში.
„საქართველოს მთავრობამ 100% პრორუსული პოლიტიკა მიიღო. ამიტომ ახლა შედის თუ არა საქართველოს მთავრობის ინტერესებში ნატოში შესვლა, შედის თუ არა ინტერესებში ევროკავშირში შესვლა – უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ახლა უფრო მოსკოვს უყურებენ, ვიდრე დასავლეთს", – განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი აზრით, მთავარი სიტყვა ქართველმა ხალხმა უნდა თქვას.
„დასავლეთის ზეწოლა შიდა პროტესტების პარალელურად უნდა გაძლიერდეს. რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, ჩვენი დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ", – განაცხადა მერაბიშვილმა.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობაში" განხეთქილებას აანონსებენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა" პოპულარობით მეორე პარტიაა საქართველოში, თუმცა ის დიდი სხვაობით ჩამორჩება „ოცნებას".
ბოლო დროს „ნაცმოძრაობის" რეიტინგი 5%-მდე დაეცა, თუმცა სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი 3%-ის დონეზე მერყეობს.