თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე მეჩეთი ჰაბიბ-ი-ნეჯარი, რომელიც ანატოლიაში პირველ მეჩეთად მიიჩნევა, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, იუწყება „რია ნოვოსტი“ ტელეარხ TRT Haber-ზე დაყრდნობით.
„თურქეთის პროვინცია ჰატაიში მდებარე ჰაბიბ-ი-ნეჯარის მეჩეთი, რომელსაც 14 საუკუნის ისტორია აქვს და ანატოლიაში პირველ მეჩეთად ითვლება, მიწისძვრის დროს ჩამოინგრა“, - იტყობინება ტელეარხი.
ღია წყაროების მიხედვით, ჰაბიბ-ი ნეჯარის მეჩეთი აშენდა 638 წელს, როდესაც ანტაქიას მუსლიმი არაბები მართავდნენ. აღიარებულია, როგორც პირველი მეჩეთი ანატოლიასა და თურქეთის რესპუბლიკაში.
მეჩეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, მიწიდან 4 მეტრ სიღრმეზე არის ჰაბიბ-ი ნეჯარისა და შემუნ საფას სამარხები. მეჩეთის ირგვლივ მდებარეობს მედრესეს (რელიგიური სკოლა) სასწავლო შენობა-ნაგებობები.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ხოლო 13:24 საათზე 7,6 მაგნიტუდის მეორე ბიძგი მოხდა. მიწისძვრას უზარმაზარი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 29.605 ადამიანი, 4.500 – სირიაში. დაღუპულებს შორის საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.