თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეშეთი–კობის გვირაბში სამშენებლო სამუშაოების დროს მხუთავი აირის გავრცელების შედეგად გარდაიცვალა და დაშავდა რამდენიმე მუშა.
კერძოდ, საუბარია სააგენტო „მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სტატიის ავტორი გუშინ დაუკავშირდა უწყებას, სადაც მას აცნობეს, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
მიუხედავად ამისა, „მთის ამბებში" გამოქვეყნდა სტატია ქვეშეთი–კობის გვირაბში მხუთავი აირის შედეგად მუშების დაღუპვისა და დაშავების შესახებ.
აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი თბილისი–სტეფანწმინდის გზის გუდაური–კობის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23-კილომეტრიანი გზის, ხუთი ხიდის მშენებლობა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია.
ასევე დაგეგმილია ხუთი გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება.