ქართველი მაშველები თურქეთში დაზარალებულთა დახმარებას აგრძელებენ

დახმარების ჯგუფი საქართველოდან დაკომპლექტებულია გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებით.
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა თურქეთში ნანგრევებში მოყოლილი სამი ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის ერთი ადამიანი მაშველმა ძაღლმა აღმოაჩინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან შესაბამისი ტექნიკა და 100 მაშველი გაიგზავნა. ქართული სამაშველო ჯგუფი სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ქალაქ ადიამანში ატარებს.

„შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანაა ნანგრევებში მოყოლილი ცოცხალი მოქალაქეების შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირება. ამასთან, ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან მუდმივ კოორდინაციაშია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 18.342 და დაშავდა 74.242 ადამიანი. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.