გარიგება გამორიცხული არ არის - ექსპერტი საქართველოში სურსათის მაღალ ფასებზე

მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასების მონიტორინგს იწყებს.
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. სურსათსა და სხვა საქონელზე დაუსაბუთებლად მაღალი ფასები ექსპორტიორებს შორის შესაძლო გარიგების ეჭვებს აჩენს, განაცხადა ანალიტიკური ცენტრი Geocase-ის ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა გიორგი აბაშიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
სურსათის ბაზარზე ფასების პირველადმა კვლევამ აჩვენა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე (ბრინჯი, წიწიბურა, ხორბლის ფქვილი, რძე, მცენარეული ზეთი, მაკარონი და სხვ.) ფასნამატი ზოგიერთ შემთხვევაში 100%-ს აღწევს. კონკურენციის სააგენტომ პრემიერ ღარიბაშვილის დავალებით სურსათის ბაზარზე ფასების კვლევა ჩაატარა.

„როდესაც ფიქსირდება განსაკუთრებულად მაღალი ფასი, რომელიც საბაზრო ფასიდან გამომდინარე არარეალურია, ხშირად ჩნდება გონივრული ეჭვი, რაიმე ტიპის გარიგებას ხომ არ აქვს ადგილი იმპორტიორებს შორის“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

მისი თქმით, თავისუფალი კონკურენციის პირობებში შეუძლებელია ასეთი დოზით ფასნამატის დაწესება. „ეს არის გამოსაკვლევი“, – აღნიშნა ექსპერტმა.
საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველადი კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ მათ აღმაშფოთებელი უწოდა. მან ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაავალა დაუყოვნებლივ სამუშაო ჯგუფის შექმნა, ყველა მსხვილი იმპორტიორის დაბარება, საკითხის შესწავლა და სათანადო რეაგირება.
წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 9,4% შეადგინა სამიზნე 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში. ამასთან, 2021 წლის ივლისიდან პირველად, 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 10%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა.
ერთ წელიწადში ბოსტნეულის ფასი გაიზარდა 26,5%-ით, პურისა და პურპროდუქტების – 22,8%-ით, რძის, ყველისა და კვერცხის – 16,7%-ით, ხორცისა და ხორცპროდუქტების – 8,7%-ით, ზეთისა და ცხიმის – 4,7%-ით.