სამი წლის განმავლობაში ყველა სახელმწიფო სკოლა განახლდება

სკოლების რემონტისა და მშენებლობისთვის 1 მილიარდი ლარი გამოიყოფა.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ყველა სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა 2026 წლის ბოლოსთვის მწყობრში იქნება. ამის შესახებ ითქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრისას განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან.
შეხვედრაზე განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში 2023 წელს დაგეგმილი პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“-ის დანერგვის დინამიკას. მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა პრემიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ყველა იმ პროგრამისა და პროექტის შესახებ, რომლებიც წელს არის დაგეგმილი, განაცხადეს მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახურში.
აღინიშნა უპრეცედენტო პროექტის მნიშვნელობა, რომელიც ითვალისწინებს 800 სკოლის რემონტსა და მშენებლობას. პროექტის ღირებულებაა 1 მლრდ ლარი.
პროექტს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო. პირველ ეტაპზე, 2022 წელს სააგენტომ 320 სკოლის რემონტსა და 80 სკოლის მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. შეირჩა ის სკოლები, რომლებსაც რემონტი ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა.
პროექტის შემდეგ ეტაპზე იგეგმება დანარჩენი 400 სკოლის რემონტი 2024-2026 წლებში.
ამ პროექტის განხორციელების წყალობით ახალი საგანმანათლებლო რესურსებითა და განახლებული ინფრასტრუქტურით 230 ათასზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.
საქართველოში სულ 2.302 სკოლაა, საიდანაც 2.086 სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. სკოლებში 633,3 ათასი მოსწავლე ირიცხება, აქედან 569,6 ათასი სახელმწიფო სკოლებში სწავლობს.
„საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030“
„საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“ – ესაა საქართველოს განვითარების ათწლიანი გეგმა. სტრატეგია არის გრძელვადიანი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს მთავრობის ერთიანი ხედვას და აერთიანებს სტაბილური განვითარების ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას.
სტრატეგია განსაზღვრავს თითოეულ სექტორში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის მიზნებსა და ამოცანებს. დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების უწყებათშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს.
სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლისთვის მთავრობა განახორციელებს რეფორმებს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, კარგი მმართველობა, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება.
დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპებს და გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის პრიორიტეტებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს