პრეპარატი „დიპროსპანი“ სავაჭრო ქსელიდან ამოიღეს

პრეპარატის წარმოების პროცესში დაფიქსირდა უჟანგავი ფოლადის ნაწილაკებით პოტენციური დაბინძურება.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ პრეპარატი Diprospan ბაზრიდან გამოითხოვა, ნათქვამია სააგენტოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრეპარატ „დიპროსპანზე“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნაა იმ პაციენტებში, რომელთაც სახსრები აწუხებთ. პრეპარატის სახსარშიდა შეყვანა ხსნის ტკივილს და სახსრების მოძრაობის შეზღუდვას რევმატოიდული ართრიტისა და ოსტეოართროზის დროს.
საუბარია პრეპარატზე, რომელსაც აწარმოებს ფარმაცევტული კომპანია Schering-Plough Labo N.V.
ქსელიდან ამოღების გადაწყვეტილება სააგენტომ მას შემდეგ მიიღო, რაც ბელგიის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების ფედერალურმა სააგენტომ პრეპარატის უკვე გამოშვებულ ოთხ პარტიაში წამლის ხარისხთან დაკავშირებით დარღვევები დააფიქსირა.
ღარიბაშვილი: მოსახლეობა მედიკამენტებზე 200 მლნ ლარამდე დაზოგავს>>>
კერძოდ, წარმოების პროცესში დაფიქსირდა უჟანგავი ფოლადის ნაწილაკებით პოტენციური დაბინძურება.
მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ ყოფილა შეტყობინებები მყარ ნაწილაკებთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების შესახებ.
საქართველოს მარეგულირებელი სააგენტოს გადაწყვეტილებით, მწარმოებლის მხრიდან პრობლემის გამოსწორებამდე ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტიორები და დისტრიბუტორები ვალდებული არიან შეაჩერონ პრეპარატის რეალიზაცია, გამოითხოვონ იგი ბაზრიდან და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ რეგულირების სააგენტოს.