თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველმა ძაღლმა სახელად „ტინტო“ თურქეთში, ნანგრევებში ადამიანი იპოვა, განაცხადა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა გიორგი თუხარელმა.
თურქეთში ქართველი მაშველების 100-კაციანი ჯგუფი იმყოფება, ასევე გაგზავნილია შესაბამისი ტექნიკა. სპეციალისტებმა საქართველოდან უკვე გადაარჩინეს ორი ადამიანი, რომლებიც შენობების ნანგრევებში აღმოჩნდნენ.
„აი, ასეთია ჩვენი მაშველი ძაღლი ტინტო. აი, ზუსტად ამ წამს მითხრეს ბიჭებმა, რომ ტინტომ ნანგრევებში მოყოლილ ცოცხალ მოქალაქეს მიაგნო, რომელიც უკვე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ტინტო, ჩვენი გმირი ხარ“, – დაწერა თუხარელმა სოციალურ ქსელში.
ჯგუფი, რომელიც თურქეთში გაემგზავრა, დაკომპლექტებულია გადამზადებული მეხანძერე-მაშველებით, კინოლოგებით. მაშველთა ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანით და ყველა შესაძლო სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს ორი მძლავრი მიწისძვრა (7,7 და 7,6 მაგნიტუდის) მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15.383-მდე გაიზარდა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.