თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. თურქეთის სამხრეთით მიწისძვრის შემდეგ საქართველოს მესამე მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ მისმა ნათესავებმა სოციალურ ქსელში დაწერეს. საქართველოს საელჩო თურქეთში ამჟამად ამ ინფორმაციას ამოწმებს. ოფიციალურად დადასტურებულია ორი მოქალაქის გარდაცვალება.
გარდა ამისა, როგორც მანამდე საქართველოს ელჩმა თურქეთში გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, ამჟამად საქართველოს ორი მოქალაქის ძებნა მიმდინარეობს.
ბოლო მონაცემებით, 6 თებერვალს ორი მძლავრი მიწისძვრის (7,7 და 7,6 მაგნიტუდის) შედეგად თურქეთში მსხვერპლის რაოდენობამ 8,5 ათასს გადააჭარბა, დაშავდა დაახლოებით 50 ათასი.
მიწისძვრა თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარაშში დაფიქსირდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები პირველ შემთხვევაში საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 616 კილომეტრში დაფიქსირდა, მეორე შემთხვევაში კი - 538 კილომეტრში.