საქართველოს ორი მოქალაქე თურქეთში კვლავ ნანგრევების ქვეშაა

მძლავრ მიწისძვრებს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში 8,5 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საელჩომ თურქეთში მიწისძვრის შემდეგ დაკარგული საქართველოს ექვსი მოქალაქიდან ოთხს მიაგნო, ხოლო ორი, სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი, განაცხადა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.
ელჩმა გუშინ განაცხადა, რომ ვითარება სტიქიური უბედურებისგან დაზარალებულ რაიონში ყოველ საათს იცვლება. ბოლო მონაცემებით, 6 თებერვალს ორი მძლავრი მიწისძვრის (7,7 და 7,6 მაგნიტუდის) შედეგად თურქეთში მსხვერპლის რაოდენობამ 8,5 ათასს გადააჭარბა, დაშავდა დაახლოებით 50 ათასი.

„ორი ადამიანის ძებნა ისევ გრძელდება... ჩვენ გვაქვს რეგულარული კონტაქტი სამაშველო სამსახურებთან თურქეთში, რაზეც პასუხს ვიღებთ, რომ გრძელდება სამაშველო-სამძებრო ოპერაცია. იქ ორი კორპუსია ჩამონგრეული... და იქ არიან მოყოლილები“, – განაცხადა ჯანჯღავამ.

ამ დროისათვის ცნობილია, რომ მიწისძვრის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს შორის კიდევ ერთი მსხვერპლია.
მსოფლიო დღეს
თურქი სეისმოლოგი: ნანგრევებში 184 ათასი ადამიანი რჩება
მიწისძვრა თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარაშში დაფიქსირდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები პირველ შემთხვევაში საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 616 კილომეტრში დაფიქსირდა, მეორე შემთხვევაში კი - 538 კილომეტრში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს