საქართველოდან თურქეთში მაშველთა დამატებითი ჯგუფი გაიგზავნება

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით თურქეთში საქართველოდან დამატებით სამაშველო ძალას გაგზავნიან, რომელიც უახლოეს პერიოდში შეუერთდება მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში უკვე 6 თებერვალს გაემგზავრა, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ. ქართველი მაშველების სამაშველო საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 5.400 და დაშავდა 32 ათასზე მეტი ადამიანი. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.
მიწისძვრას თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა დაღუპულების ოჯახის წევრებთან და თურქეთის შესაბამის უწყებებთან. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ანკარაში და გენერალურ საკონსულოებს სტამბულსა და ტრაპიზონში.
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.
ბოლო ცნობებით, სირიაში მიწისძვრამ იმსხვერპლა 1.832 და დაშავდა 1.449 ადამიანი.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ასევე ისრაელში, ერაყსა და საქართველოში.