თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ბადრი ესებუას დაკავება, რომელსაც ბრალად ედება „საქართველოს ბანკის“ ყველაზე გახმაურებული ძარცვა, შესაძლოა მის ნათესავებს უკავშირდებოდეს, იუწყება „TV პირველი“.
ესებუა 8 თებერვალს სოფელ ჯიხაშკარში, მისი ნათესავის ომიანე ჯიქიას სახლში დააკავეს. ადგილზე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.
„TV პირველის“ ვერსიით, რომელიც კონფიდენციალურ წყაროს ეყრდნობა, დაკავების მიზეზი შეიძლება ჯიქიას ოჯახის ნათესავის ზვიად ხარჩილავას ჩვენება გახდა, რომელიც რამდენიმე თვის წინ სხვა საქმეზე დააკავეს.
ამასთან, ტელეარხი აცხადებს, რომ ესებუა აქამდე ომიანე ჯიქიას ქალიშვილთან ცხოვრობდა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოფელ გაგიდაში.
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ კი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ესებუა უახლოეს პერიოდში კვლავ აპირებდა აფხაზეთში გადასვლას და ამ საკითხს ჯიქიას ოჯახთან განიხილავდა, რომელთა ქალიშვილიც ახალ წელს მშობლებს ესტუმრა.
ამავე დროს, ომიანე ჯიქიას მეზობლები აცხადებენ, რომ ესებუა ჯიქიების სახლში არ უნახავთ, თუმცა ხშირად სტუმრობდნენ მათ.
ამჟამად ომიანე ჯიქიას მთელი ოჯახი – ის, მისი მეუღლე და მეორე ქალიშვილი პოლიციაში იმყოფებიან. ისინი ბადრი ესებუასთან ერთად დააკავეს. მათთან უკვე გამოიძახეს ადვოკატები, რათა ისინი დაკითხონ.
ესებუას დაუსწრებლად აქვს ბრალი წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ჯერ კიდევ 2020 წელს ესებუას სასამართლომ დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიუსაჯა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაახლოებით 1,5 წლის წინ განაცხადა, რომ ესებუა ქვეყნიდან არ გასულა და მისი დაკავება სამინისტროსთვის „ღირსების საქმეა".
ბანკზე თავდასხმა
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.
გამოძიების ცნობით, ნიღბიანი, ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. პოლიციის ავტომობილით დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ესებუამ ავტომობილში ყველა კვალი წაშალა, შემდეგ აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თავად კი მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიციკაცია მისცა.
ვიდრე ბადრი ესებუა ძებნაში იყო, პოლიციამ მისი ძმა ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. 2021 წლის ივლისში მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.