როდის წარდგება სასამართლოს წინაშე ბადრი ესებუა

ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს, განაცხადა ადვოკატმა.
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი 20 თებერვალს, 15:00 საათზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განუცხადა.
ესებუა სამეგრელოს რეგიონის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივი მცხოვრების, მისი ნათესავის ომიანე ჯიქიას სახლში დააკავეს. ადგილზე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.
ადვოკატის თქმით, ამ დროისთვის ესებუა ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ადვოკატმა დღეს უკვე მოინახულა თავისი დაცვის ქვეშ მყოფი და განაცხადა, რომ ის ბრალს არ აღიარებს.

„ის დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას „საქართველოს ბანკში“ მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს. მისი განმარტებით, მას დანაშაული არ ჩაუდენია და იმ დღეს ის „საქართველოს ბანკში“ არ იმყოფებოდა“, – განაცხადა ჯანაშიამ.

ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ ესებუას მიმალვის მიზეზიც დაასახელა.
„რაც მან მითხრა, ეს იყო, რომ მისი სიცოცხლის განადგურების საფრთხე არსებობდა, რეალური შიში ჰქონდა ამის და აქედან გამომდინარე იმალებოდა“, – განაცხადა ჯანაშიამ.
რა არის ცნობილი ესებუას დაკავების შესახებ >>
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ჯერ კიდევ ოქტომბერში სასამართლომ მას დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ბანკზე თავდასხმა
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.
გამოძიების ცნობით, ნიღბიანი, ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. პოლიციის ავტომობილით დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ესებუამ ავტომობილში ყველა კვალი წაშალა, შემდეგ აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თავად კი მიიმალა.
ადვოკატი: ესებუას დაკავების შესახებ ჟურნალისტებისგან გავიგე>>
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიციკაცია მისცა.
ვიდრე ბადრი ესებუა ძებნაში იყო, პოლიციამ მისი ძმა ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. 2021 წლის ივლისში მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს