რა კავშირია ადამიანის ხმასა და ხასიათს შორის, ანუ თავისუფალ სხეულში თავისუფალი ხმაა

როდესაც სხვა ადამიანის ხმა გვესმის, ინტუიციურად ვხატავთ მის სახეს – ახალგაზრდაა თუ ხანში შესული, მსუქანი თუ გამხდარი, კეთილი თუ ბოროტი, მორცხვი თუ, პირიქით, ქედმაღალი და ა.შ.
Sputnik
ადამიანის ხმამაღალმა საუბარმა შეიძლება შექმნას ადამიანის სახე, რომელიც ისწრაფვის დომინირებისკენ, ადამიანებსა და სიტუაციაზე კონტროლისკენ. არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ხმამაღლა მეტყველება თავდაჯერებულობის ნიშანია. უბრალოდ, ამგვარად ხშირად ყურადღების მიქცევას ცდილობენ.
• ხანდახან ხმამაღლა საუბრობენ ადამიანები, რომლებიც ტანდაბალი ან ცუდი აგებულების მქონე არიან, ისწრაფვიან, რომ თავისი ფიზიკური ნაკლი შეავსონ. ნამდვილად თავდაჯერებული ადამიანები ხმამაღლა იშვიათად საუბრობენ, ხოლო თუ საუბრობენ, ამას ყოველთვის აკეთებენ „თავის დროზე“ და, როგორც წესი, ზეწოლის მოსახდენად.
• მშვიდი, თავდაჯერებული ხმა და მკაფიო დიქცია წარმოგვიდგენს ადამიანს, რომელმაც იცის, როგორ წარუდგინოს თავი მსოფლიოს. მისი მთავარი თვისებაა თვითდისციპლინა. თუმცა, მასთან ურთიერთობისას შეიძლება რაღაც თეატრალურობის შეგრძნება დაგეუფლოთ — გრძნობებს მოკლებული აზრების ძალზე მკაფიო გამოხატვაა.
• თუ ადამიანი მკაფიოდ, სწრაფად, თავდაჯერებულად ლაპარაკობს, ის საკმაოდ ენერგიული და რეაქტიულია. ეს ის ადამიანია, რომელიც ჯერ გააკეთებს და მხოლოდ შემდეგ დაფიქრდება.
• თუ მისი საუბარი ნელია, თითქოს თითოეულ სიტყვას წონის, ეს ადამიანი დინჯია და ანალიზისადმი მისწრაფება ახასიათებს.
• გაუგებარი საუბარი შესაძლოა მეტყველებდეს იმაზე, რომ ამ ადამიანს არ შეუძლია თავისი აზრების გამოხატვა, შფოთავს, მორცხვია ან დაიღალა. ის არ არის ლიდერი, მას არ ჰყოფნის ცხოვრებისეული შთაბეჭდილებები, სიხარული, ენერგია. მას ახასიათებს სუსტი ხელის ჩამორთმევა, სხეულის დუნე მოძრაობა.
უცნაური და საინტერესო ფაქტები ადამიანის ორგანიზმის შესახებ
• დაბალი ხმა ასოცირდება თავდაჯერებულობასთან, თვითკმარობასთან, ინტელექტთან. ასეთი ხმის პატრონს ინტუიციურად აღიქვამენ, როგორც ავტორიტეტულსა და მცოდნეს. რაც უფრო დაბალი ხმა აქვს მამაკაცს, მით უფრო საიმედოდ და ძლიერად აღიქვამენ მას ქალები. ეს ასეც არის, რადგან ბოხი ხმა ჰორმონების მაღალ დონეს უკავშირდება.
ჩვენ ბავშვობიდან, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცით სიტყვების მნიშვნელობა, ინტონაციით ვსწავლობთ საუბრის, ბგერების ემოციურ შეფერილობას. ამ უნარის წყალობით შეგვიძლია ხმით განვსაზღვროთ ადამიანის ხასიათი, ვიმსჯელოთ მის ინტელექტზე, საქმიანობაზე, ტემპერამენტზე.
ჩვენი ხმა ყელიდან მოდის. და ეს ჩვენი სხეულის ის სეგმენტია, სადაც შეიძლება წარმოიქმნას სხვადასხვა კუნთოვანი შეკუმშვა, რაც ნათლად და დამაჯერებლად საუბარში გვიშლის ხელს.
როდის ჩნდება ფსიქოლოგიური ტრავმის მიღების საშიშროება>>
ადამიანის ხმას უფრო ხშირად სწორედ ეს ვნებს, ვიდრე ავადმყოფობა და გადატვირთვა. მაშინ ვგრძნობთ, რომ ჩვენი ხმა იკარგება, ყელში გვიჭერს, ხანდახან ტკივილამდე, მაგრამ ვერაფერს ვაწყობთ. რატომ ხდება ეს?
საქმე ისაა, რომ ყელში მოჭერა სხეულის ფსიქოლოგიური რეაქციაა სტრესზე. ხოლო თუ თქვენი ხმა მუდმივად „შეკუმშულია“, ეს ნიშნავს, რომ სტრესს განიცდით, რომელსაც შეიძლება, ერთი შეხედვით, ვერც გრძნობდეთ.
უცნაური და საინტერესო ფაქტები: იცოდით, რომ...
ჩვენი სხეული ეჩვევა რაღაც თავდაცვით რეაქციას და ამის შეგრძნებას ვკარგავთ. და როდესაც დანარჩენი სხეული მოდუნებულია, მაშინ საგრძნობი ხდება „მოჭერა“, სპაზმი ყელში. აი, რატომ ვავადმყოფობთ ხშირად შვებულების დროს.
როგორ უკავშირდება ყელის სპაზმები ფსიქოლოგიურ სპაზმებს? შესაძლებელია მისგან გათავისუფლება? რა თქმა უნდა, მაგრამ ამისთვის საკუთარ თავზე მუშაობა მოგვიწევს.
მიაქციეთ ყურადღება, როგორი რეაქცია გვაქვს მოზრდილ, კარგად აღზრდილ ადამიანებს სულიერ და ფიზიკურ ტკივილზე. გვინდა ყვირილი ტკივილისგან, მრისხანებისგან, წყენისგან, ბრაზისგან, მაგრამ ვკუმავთ ტუჩებს, ვკრავთ კრიჭას, ყელს, ბავშვებისგან განსხვავებით, რომლებიც მაშინვე ღიად რეაგირებენ ტკივილზე, ყვირიან და ტირიან.
ბავშვის რეაქცია წამიერია — იმპულსი. ჩვენ კი ვფიქრობთ, ვაფასებთ — რამდენად მისაღებია? ამიტომ ბავშვი ემოციებს ხმით გამოსცემს და მალე ავიწყდება თავისი ტკივილი, ჩვენ კი თავს ვიკავებთ ჩვენს ბუნებრივ რეაქციაზე და წლობით ვიტანჯებით ჩვენი „მუნჯი“ პრობლემებისგან.
კიდევ ერთი წესი — „ტირილი სირცხვილია!“ და ჩვენ, იმის ნაცვლად, რომ „ავქვითინდეთ“ ბავშვებივით, ცრემლს ვყლაპავთ. ამ დროს ყველაზე მეტად რომელი ორგანო იკუმშება? რა თქმა უნდა — ყელი.
ასევე მიუღებელია მთქნარება! სიამოვნებისგან კვნესა. ყელის კუნთები მუშაობას წყვეტს, და ხმა, რომელსაც მეტი „გზა აღარ აქვს“, ცხვირიდან მოდის, ან ყელში „იჩხირება“.
როგორ ვაქციოთ პრობლემები ბედნიერებად
როგორ ვიღიმებით? როდესაც სულ არ გვეღიმება, ტუჩები ღიმილის ფორმას იღებს და ამას „სოციალური ღიმილი“ ეწოდება — ჩვენი თავდაცვითი რეაქცია საფრთხეზე. ასეთი ღიმილი გაუცნობიერებლად გზავნის სიგნალს „მე ძლიერი ვარ“, „არ მომიახლოვდე“. ეს ღიმილი ჩვენს შიშს გათქვამს — შიშს გულწრფელობის, გულღიაობის, ბუნებრიობისა, ანუ, სინამდვილეში, ჩვენს სისუსტეს ავლენს.
და რა ემართება ამ დროს ჩვენს ხმას? ის ყალბი ხდება, ზედმეტად „დამტკბარი“ ან მკვეთრი.
ყელის სპაზმების მოსახსნელად შესაძლებელია რამდენიმე სავარჯიშოს ჩატარება. მაგალითად, გეჭიროთ ხელით ნიკაპი და ხმამაღლა იკითხეთ ნებისმიერი ტექსტი. ისწავლეთ მთელი ხმით დამთქნარება, როგორც ამთქნარებენ ბავშვები, კატები და ძაღლები. დაამთქნარეთ ხელოვნურად და მიაქციეთ ყურადღება, როგორ მოძრაობს ამ დროს თქვენი ხორხი, ხახა, სადაა ამ დროს ენა.
კიდევ ერთი ვარჯიში — სიცილი.
გაიხსენეთ, როგორ იცინოდით და ვერ ჩერდებოდით. რა გტკიოდათ ამ დროს? მუცელი, უფრო სწორად, დიაფრაგმა, რომელიც ხმიერი დატვირთვისას აქტიურად მუშაობს. ყელი კი ამ დროს გამოსცემს ძლიერ ბგერებს. თუ მიეჩვევით „შეკვეთით“ სიცილს, მომენტალურად შეძლებთ „წაჭერილი ხმის“ გათავისუფლებას და განწყობის ამაღლებას.
როგორია შენი ხასიათის ფერთა გამა>>
და კიდევ ერთი: სინამდვილეში ჟღერს არა ყელი და ხმის იოგები — ხმა რეზონანსს მთელ სხეულში გამოსცემს.
და სადაც არ უნდა წარმოიშვას ჩვენს სხეულში „სპაზმი“, ეს იმ წამსვე აისახება ხმის ჟღერადობაში. თავისუფალ სხეულში თავისუფალი ხმაა.