საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია წუთიერი დუმილით დაიწყო

საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს დაგეგმილია პოლიტიკური გამოსვლები და კანონპროექტების განხილვები.
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობას შეუდგნენ მას შემდეგ, რაც პატივი მიაგეს თავიანთ კოლეგა ვახტანგ კიკაბიძესა და თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულ ადამიანებს.
ლეგენდარული ქართველი მსახიობი და მომღერალი, პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვახტანგ კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლისა გარდაიცვალა.
„გამოგვაკლდა ერთი კოლეგა, ვახტანგ კიკაბიძე. ადამიანი, რომელიც საზოგადოებას ძალიან დააკლდა და ადამიანი, რომელთანაც ყველა ჩვენგანის ემოციაა დაკავშირებული. ეს ემოცია კიდევ დიდხანს გაჰყვება საზოგადოებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებს მოუწოდა, მისი ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით ეცათ პატივი.
ამის შემდეგ პაპუაშვილმა პარლამენტის სახელით სამძიმარი გამოუცხადა თურქ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომლის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - საქართველოს ორი მოქალაქე.
„გუშინ თურქეთში გაემგზავრნენ ქართული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ჩვენ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ჩვენს მეგობრებს და ამ შემთხვევაში თურქეთს სჭირდება როგორც ჩვენი მორალური, ასევე საქმით მხარდაჭერა“, - განაცხადა პაპუაშვილმა და კოლეგებს მიმართა, რომ წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილებს.
თურქეთში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 3.381 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 20.436, დაინგრა 5.575 შენობა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს 1939 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი კატასტროფა იყო.
თურქეთში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პირველ სხდომაზე დაგეგმილია პოლიტიკური განცხადებები, შემდეგ კი - კანონპროექტების განხილვა. გარდა ამისა, დაიწყება საპარლამენტო კომიტეტების პასუხების განხილვა 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ. სულ ხუთი ანგარიშის მოსმენა და მათი განხილვა მიმდინარე პლენარული სხდომის განმავლობაში გაგრძელდება.
პარლამენტში ოთხშაბათს წლიური ანგარიშით გამოვა შალვა პაპუაშვილი. შემდეგ დაიწყება კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს