თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უარს მისი ჯანმრთელობის მოტივით გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე „სასიკვდილო განაჩენი“ უწოდა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ სააკაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატებმა ამ საქმეში მათ შორის უცხოელი ექიმები ჩართეს. მაგრამ მოსამართლისთვის უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომ სააკაშვილს არ აქვს ისეთი მძიმე ავადმყოფობები, რომლებიც სასჯელის გადავადების საფუძველს წარმოადგენს.
„მე, ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი და დავრჩები საპატიმროში ყველა ლეტალური დაავადებით“, - ნათქვამია სააკაშვილის გვერდზე სოციალურ ქსელში.
ექს-პრეზიდენტის თქმით, მისი გათავისუფლების საქმეზე მთელი სასამართლო პროცესი, რომელიც თითქმის ორ თვეს გაგრძელდა, „აბსოლუტური ხუმრობა" აღმოჩნდა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლომ დაუჯერა არა წამყვან ექიმებს აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და საქართველოდან, რომლებმაც გამოიკვლიეს იგი და დასკვნებიც დადეს, არამედ ხელისუფლების ექსპერტებს, რომლებიც მას ერთხელაც არ შეხვედრიან. სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაცვის მიერ მოწვეულ ექიმებს შორის იყო ნობელის პრემიის ლაურეატი, ამერიკელი ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი.
სააკაშვილის ადვოკატმა მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა.
„ამ გადაწყვეტილებას არაფერი სამართალთან არ ჰქონდა... ბოლო პროცესებზე აშკარად ნათელი გახდა, რომ მოსამართლე იყო მიკერძოებული და პენიტენციური სამსახურის უფლებებს იცავდა“, - განუცხადა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს.
გიული ალასანია ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაზე
© photo: Sputnik / Stringer
მან საქართველოში არსებულ მართლმსაჯულებას მკვდარი უწოდა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.
სანამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობდა, სასამართლოს ეზოში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართებოდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ქუჩაში ელოდნენ ექს-პრეზიდენტის თანამოაზრეები და მხარდამჭერები, მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ახლობლები და თანამოაზრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.