თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. ქართველი მაშველები უკვე იმყოფებიან თურქეთში და მონაწილეობენ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში, განაცხადა თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად (7,7 და 7,6 მაგნიტუდის) დაიღუპა 3700-ზე მეტი და დაშავდა 22 ათასზე მეტი ადამიანი. დაინგრა 5.500-ზე მეტი შენობა.
„როგორც ჩვენ ვიცით, ისინი უკვე ადიამანის პროვინციაში არიან, სამაშველო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას, მათთან გვაქვს კონტაქტი და გადამღები ჯგუფები მიდიან, რათა ასახონ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები“, – აღნიშნა ჯანჯღავამ „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, ახლა ყველა ძალისხმევა, ჟანდარმერია, ჯარი, პოლიცია მიმართულია სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
„ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოვეხმაურეთ მოწოდებას და ჩამოვედით მყისიერად... როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 70-ზე მეტი ქვეყანა გამოეხმაურა და მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ახლა არის ზამთარი, რთული პირობებია რეგიონში, მთაგორიანი რელიეფია და აუცილებელია მყისიერი ჩართვა“, - განაცხადა ელჩმა.
ელჩის ინფორმაციით, მთლიანად სტიქიის არეალ, სადაც მიწისძვრა მოხდა, არის ორი საქართველოს ხელა ტერიტორია.
„აქედან გამომდინარე, გასაგებია, რა მასშტაბური სამუშაოებია გასატარებელი ამ რეგიონში“, – აღნიშნა ელჩმა.
მიწისძვრის კერა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. პირველი ბიძგი საქართველოს საზღვრიდან 616 კილომეტრში, ხოლო მეორე - 538 კილომეტრში დაფიქსირდა, ამას მოწმობს საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემები.
მიწისძვრის შედეგად ასევე ძლიერად დაზარალდა სირიაც. ამ დროისთვის ამ ქვეყანაში მსხვერპლთა რაოდენობა 800 ადამიანს შეადგენს, დაშავდა 1440-ზე მეტი ადამიანი. სხვადასხვა პროვინციაში მთლიანად დანგრეულია 150 შენობა.