„ეს მიუღებელია“: რა დაავალა ღარიბაშვილმა მინისტრებს საწვავზე ფასების შესამცირებლად

პრემიერი დარწმუნებულია, რომ იმპორტიორები გაითვალისწინებენ ხალხის მდგომარეობას, მიმდინარე სიტუაციას და ფასების დაწევას დაიწყებენ
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორები მუშაობენ მაღალი მოგებით, სხვაობა ავტომობილის საწვავის თვითღირებულებასა და მის ფასს შორის ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრზე 0,80-1 ლარს შეადგენს, რაც მიუღებელია და შესწავლას საჭიროებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის სხდომაზე.
პრემიერ-მინისტრი საქართველოში საწვავის მაღალი ფასების მიზეზებით 2022 წლის მაისში დაინტერესდა. საკითხში გარკვევა მთავრობის ეკონომიკურ საბჭოს დაევალა, ბაზრის მიმოხილვა კი კონკურენციის სააგენტოს დაეკისრა, რომელიც საქართველოში საწვავის ბაზრის მდგომარეობის შესახებ საბოლოო ანგარიშს თებერვლის ბოლოს წარადგენს.
„არ შეიძლება, ლიტრ ბენზინზე იყოს 80-90 თეთრი ფასნამატი. ამიტომ ამას სჭირდება ძალიან კარგი შესწავლა. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ამ მოწოდებას და პოზიციას გაითვალისწინებენ იმპორტიორები და მოხდება დარეგულირება მაქსიმალურად მოკლე დროში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა შეახსენა შეკრებილებს, რომ მთავრობის ჩარევის შედეგად საწვავის ფასები შემცირდა, მაგრამ 2022 წლის დეკემბრის მონაცემები აჩვენებს, რომ ნარჩუნდება მაღალი მარჟა და ნავთობის იმპორტიორები კვლავ მაღალი მოგებით მუშაობენ, რაც ასევე მიუღებელია.
პრემიერის თქმით, აუცილებელია ამ საკითხის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება და დასძინა, რომ ეს მისი პრინციპული პოზიციაა.
ღარიბაშვილმა მინისტრებს საწვავის ფასების საკითხის მოგვარება დაავალა.
„მინდა მოგმართოთ, ბატონო მინისტრებო, დაიბაროთ ნავთობის იმპორტიორები და მოვახდინოთ გონივრულ ზღვარზე ფასების ჩამოწევა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში პროდუქტები შეიძლება გაიაფდეს - პრემიერმა იმპორტიორები გააკრიტიკა >>
„მჯერა, ეს ადამიანებიც გაითვალისწინებენ ჩვენი ხალხის მდგომარეობას, ვითარებას და დაიწყებენ ფასების შემცირებას. ეს არის მოლოდინი და იმედი“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები საწვავის ფასის საკითხზე აქტიურად იმუშავებენ და სამუშაო ჯგუფს შექმნიან.
„ამ საკითხს სჭირდება მუდმივი მონიტორინგი და ყურადღება, რათა ვინმეს გარკვეული ცდუნება არ გაუჩნდეს... მე მინდა მივმართო მინისტრებს, რომ დაიბარონ ნავთობის იმპორტიორები და ფასები გონივრულ ზღვარზე ჩამოვწიოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ასევე, ღარიბაშვილის თქმით, ადრე იმპორტიორები საწვავის მაღალ ფასს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებდნენ. მაგრამ, ლარის გამყარების მიუხედავად, ფასები ძველ ნიშნულზე დარჩა.
ბაზრის მონიტორინგი
საქართველოში საწვავზე ფასების ზრდა 2021 წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა ნახტომისებური ზრდის შემთხვევები 2022 წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი ერთ თვეში თითქმის 12%-ით გაძვირდა, მისმა ღირებულებამ (ერთი ლიტრის) დაახლოებით 3,8 ლარი შეადგინა, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4 ლარს მიაღწია.
კონკურენციის სააგენტომ ქვეყანაში საწვავის ხუთი მსხვილი რეალიზატორის საქმიანობის შესწავლა ბაზრის 2022 წლის შვიდი თვის მონიტორინგის შემდეგ დაიწყო. მისი შედეგების მიხედვით, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების კლებისა და ეროვნული ვალუტის გამყარების მიუხედავად, საქართველოში საწვავის ღირებულება მაღალი რჩებოდა.
ამის შემდეგ სააგენტო მონიტორინგის პროცესიდან გადავიდა მოკვლევის პროცესზე, რომლის მიზანია გარკვევა, რამდენად კეთილსინდისიერი იყო 2022 წლის 7 თვეში საწვავის რეალიზატორი კომპანიების ქმედება და ხომ არ უკავშირდებოდა ის რაიმე არასაბაზრო ძალების შედეგად ფორმირებულ ფასს.
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
ამჟამად საშუალო ფასი 1 ლიტრ საწვავზე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ამგვარია: რეგულარი – 2,69-2,82 ლ, პრემიუმი – 2,89-3,09 ლარი, სუპერი – 3,58-3,59 ლ, ევრო დიზელი – 3,74-3,87 ლ, დიზელი – 3,40-3,84 ლ.