მოსალოდნელია თუ არა საქართველოში თურქეთის მსგავსი მიწისძვრა? სეისმოლოგის განმარტება

2022 წლის თებერვალში საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი - 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ინტერნეტ-სივრცის მომხმარებლებს მოუწოდებს, ერთმანეთი არ შეაშინონ იმის თაობაზე ინფორმაციით, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში თურქეთის მსგავსი მიწისძვრა შეიძლება მოხდეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სეისმოლოგები საქართველოში ძლიერ მიწისძვრას პროგნოზირებენ, რომელიც უახლოეს დღეებში მოხდება.
გოდოლაძის განმარტებით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის არეალი „ზუსტად ემთხვევა აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევის მარცხენა დაბოლოების ორკაპს“, რომელიც საქართველოს არ ეხება.
როგორც სეისმოლოგმა აღნიშნა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურქეთში მომხდარ მიწისძვრას, შესაძლოა, ბიძგები საქართველოშიც მოჰყვეს, სიცრუეა.
„ათასი რამ ვრცელდება. საქართველოდან შორსაა, განსხვავებული ტექტონიკური ერთეულია, ჩვენ სხვა სისტემა ვართ. არც ის დაიჯეროთ, რომ სტამბულში გავრცელდება, არ არის ასე," - დაწერა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, არცერთი თავმოყვარე სეისმოლოგი მოკლევადიან პროგნოზს არ აკეთებს.
საქართველო - საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
2022 წლის თებერვალში საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი - 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრა თურქეთში
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 3.419 და დაშავდა 20.534 ადამიანი. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.
ბოლო ცნობებით, სირიაში მიწისძვრამ იმსხვერპლა 812 და დაშავდა 1.449 ადამიანი.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ასევე ისრაელში, ერაყსა და საქართველოში.
გარდა ამისა, თურქეთის ცენტრალურ ნაწილში ორშაბათს, დღისით კიდევ ერთი ძლიერი – 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგების ცნობით, ის ქალაქ კაჰრამანმარაშიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 59 კილომეტრში მოხდა. კერა ორი კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.