„ეს ძალიან კარგია“ - კობახიძე „ნაცმოძრაობის“ ახალ ბოიკოტზე

ენმ-ის წევრების გეგმებს პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარე გამოეხმაურა
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უარი საპარლამენტო მუშაობაზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პროცესზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ნაცმოძრაობამ“ ხელისუფლება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ შურისძიებაში დაადანაშაულა და პარლამენტში მუშაობაზე უარი თქვა. გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ახალმა ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია და ადგილი აქვს მის განზრახ მკვლელობას.
„ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე. საპარლამენტო სამუშაო გარემო მეტად კონსტრუქციული იქნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ შიდა დისკუსიებს იმასთან დაკავშირებით, დატოვონ თუ არა საპარლამენტო მანდატები, კობახიძემ აღნიშნა, რომ გუშინ ეს დეპუტატები საპარლამენტო მუშაობის შეწყვეტას აპირებდნენ, დღეს კი უკან დაიხიეს.
„ეს არის არათანმიმდევრულობის შედეგი, ეს არის შიდა გახლეჩის კიდევ ერთი გამოხატულება, თუმცა ეს მათი საქმეა. ეს ყველაფერი ჩვენ დიდად არ გვაინტერესებს“, - აღნიშნა კობახიძემ.
თანაპარტიელების გადაწყვეტილება პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით არ მოეწონა „ნაცმოძრაობის“ ექს-თავმჯდომარე, ზომიერი პოლიტიკის მომხრე ნიკა მელიას, რომელიც მიიჩნევს, რომ საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ამ შემთხვევაში ეფექტური არ იქნება. ხოლო თუ პარტია საკანონმდებლო ორგანოს ტოვებს, მაშინ პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან.
საქართველოში ოპოზიცია ხელახლა უნდა შეიქმნას - მეგრელიშვილი >>
ბოიკოტისა და მანდატზე უარის თქმის წინააღმდეგ გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ხატია დეკანოიძეც. როგორც დეკანოიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წარიმართება, ეს რთული პრობლემა იქნება როგორც პარტიისთვის, ისე სააკაშვილისთვის.
რადიკალური მოქმედებების მომხრემ, პარტიის ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 6 თებერვალს, „ნაცმოძრაობის“ ყრილობის მეორე დღესვე პარტიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
6 თებერვალს, სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, „ნაცმოძრაობის“ წევრებმა და მომხრეებმა გვიან ღამით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან მიტინგი გამართეს. საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართა.
ხაბეიშვილის თქმით, ამიერიდან აქციები ყოველდღე გაიმართება, ეპიცენტრი კი თბილისი იქნება.