თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ეკა ხერხეულიძემ, აკაკი მინაშვილმა და გიორგი კირთაძემ უარი განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრობაზე, რითაც კითხვის ქვეშ დააყენეს მისი ლეგიტიმაციის საკითხი.
კვირას, 5 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეათე ყრილობა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის სხვა ხელმძღვანელი პირები ოფიციალურად დაამტკიცეს. პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გახდა, პოლიტსაბჭოს კი ლევან ბეჟაშვილი უხელმძღვანელებს.
ყველაფერი სამართლიანადაა?
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს უფლებამოსილების ვადა მარტში ეწურებოდა. მარტის ნაცვლად კი ახალი პოლიტსაბჭო გუშინ აირჩიეს. ხერხეულიძის თქმით, ელექტრონული არჩევნების ნაცვლად ორგანიზატორებმა კვოტები საკუთარი სურვილით გამოიგონეს.
„მიგვაჩნდა და მიმაჩნია, რომ წევრების არჩევა ელექტრონული მეთოდით უნდა მომხდარიყო... ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არამცთუ ელექტრონული მეთოდით არჩევა შესთავაზეს ხალხს, არამედ ისეთი წესი მიიღეს, რომელიც მთლიანად უარს ამბობს დემოკრატიულ პრინციპებზე“, – დაწერა ხერხეულიძემ.
როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც შიდაპარტიულ არჩევნებში ხმების 40% მიიღო, საერთოდ ამოიღეს პოლიტსაბჭოს შემადგენლობის სიიდან. სამაგიეროდ მოიგონეს კვოტა „დამსახურების მიხედვით" და ამ კვოტით ისარგებლეს მათ, ვინც 2012 წელს (ხელისუფლების ცვლილების შემდეგ - რედ.) დამარცხების შემდეგ გაიქცნენ.
ხერხეულიძის თქმით, ამავე გაგების დამსახურებით პოლიტსაბჭოს სიიდან ამოიღეს ის ხალხი, ვინც „მსგავსი შტურმის პირობებში“ საკუთარი მხრებით შეინარჩუნა პარტია. მათ რიცხვშია ზურაბ მელიქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, ხათუნა ოჩიაური, გიორგი პატარაია.
„ცხადია, იქ არ ვიქნები, სადაც ბრძოლაში დაღლილი ჩემი მეგობრებისთვის თქვენ ადგილი არ დაგიტოვებიათ. დროზე ამომშალეთ (პოლიტსაბჭოს) სიიდან“, – დაწერა ხერხეულიძემ.
„ლეგიტიმაცია ნულზე“
თავის მხრივ, აკაკი მინაშვილმა დაწერა, რომ ახლანდელი პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაცია ნულის დონეზეა.
„თავმჯდომარის და გენმდივნის „ხუთკაციანი კვოტა“ საერთოდ ანომალიაა დემოკრატიული პროცესისთვის. სამწუხაროა, რომ პარტიის „ახალი“ მენეჯმენტი თავის მოღვაწეობას ამ ფორმით იწყებს“, – დაწერა მინაშვილმა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ათიათასობით მხარდამჭერის ზურგს უკან მათ პარტიაში პოზიციები გადაანაწილეს და ახალი უსამართლობის კერა გააჩინეს.
პოლიტსაბჭოს წევრობას არ აპირებს „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი გიორგი კირთაძე.
„რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ვიყო იმ ორგანოს წევრი, რომლის დაკომპლექტება, საჯაროობა და გამჭვირვალობა კითხვებს იწვევს“, – დაწერა კირთაძემ.
„დააბრუნეთ არჩევნები“
პარტიის წევრი ზვიად კუპრავა პოლიტსაბჭოს არჩევნების „ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდამჭერების ფართო მონაწილეობით დაბრუნებას მოითხოვს.
„მოგმართავთ თქვენ, ვინც მიიღეთ უკიდურესაც სახიფათო გადაწყვეტილება: დააბრუნეთ პოლიტსაბჭოს არჩევნები. ისე, როგორც ეს იყო დათქმული, მარტში და ფართო ჩართულობით”, – დაწერა კუპრავამ სოციალურ ქსელში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით გადაწყვეტილების მიღების მიზეზად პარტიის დროულად განვითარება დაასახელა.
„გადაწყვეტილებები დაჩქარებული წესით იმიტომ მივიღეთ, რათა პარტიამ სწრაფად გააგრძელოს ფუნქციონირება და არ შეიქმნას ბიუროკრატიული პრობლემები. დღეს ყველა ეს ბიუროკრატიული პრობლემა მოგვარებულია“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა ყრილობის შემდეგ.