თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
უწყების ცნობით, თურქეთში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქე ნ.ზ.-ს გარდაცვალების შესახებ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაღუპული 60 წლამდე ასაკის ქალია, რომელიც სენაკიდან თურქეთში სამუშაოდ იყო წასული.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან და თურქეთის შესაბამის უწყებებთან.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 912 და დაშავდა 5.385 ადამიანი.
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.
ბოლო ცნობებით, სირიის სამ პროვინციაში მიწისძვრამ იმსხვერპლა 326 და დაშავდა 1.042 ადამიანი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად მთავრობა თურქეთში შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გაგზავნის.