თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. კვების და საქონლის მიტანის სერვისის Wolt-ის კურიერები გაიფიცნენ, ისინი საპროტესტო აქციაზე თბილისის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, იუწყება Sputnik-ის კორესპონდენტი ადგილიდან.
კურიერებმა „ვოლტის“ მენეჯმენტს კონკრეტული მოთხოვნები წაუყენეს - პირველ რიგში ისინი ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას.
„ჩვენი მოთხოვნაა ჩვენი ტარიფების აწევა. ბევრი ხარვეზია, რის გამოც ჩვენ გვაკლდება შემოსავალი. კილომეტრების ცდომილებაა, რომელიც თითქმის ყველა შეკვეთაზე ხდება. რამდენიმე თვეა გვეუბნებიან, რომ გაასწორებენ, თუმცა არ სწორდება. რამდენიმე დღე ჰქონდათ პასუხისთვის, არანაირი რეაგირება არ ხდება მათი მხრიდან“, - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა კურიერმა.
როგორც კურიერები აცხადებენ, აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრნენ კომპანიის ადმინისტრაციას, რომელმაც მათ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე სთხოვა. მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია მათ აღარ დაუკავშირდა, „ვოლტის“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქციის ჩატარება გადაწყვიტეს.