თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. საქართველოში რესპირატორული ინფექციების სიხშირე ბოლო პერიოდში სტაბილურია და საშუალო სეზონურ სტატისტიკას შეესაბამება, - დაწერა სოციალურ ქსელში თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
„რესპირაციული ინფექციებიდან ყველაზე ხშირია: A გრიპი (ძირითადად, H1 და H3 ქვეტიპები), რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით, ადენოვირუსებით, რინოვირუსებით, პარაგრიპის ვირუსებით“, - დაწერა ცერცვაძემ.
როგორც მან აღნიშნა, რესპირაციული ინფექციები (მათ შორის გრიპიც) საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მიერ იმართება ძალიან კარგად, რაზეც ლეტალობის დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს.
„საქართველოში დაფიქსირებულია გრიპით გარდაცვალების მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევა, მაშინ როდესაც, მაგალითად, აშშ-ში, CDC-ის მონაცემებით, ამ სეზონზე დაფიქსირებულია მარტო გრიპით სიკვდილობის 17 ათასი შემთხვევა, მათ შორის 97 – ბავშვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება, თვითდამშვიდებას მივეცეთ“, - დაწერა ცერცვაძემ.
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების მართვა ქვეყანაში ხდებოდეს უმაღლესი სტანდარტებით და არცერთი ავადმყოფი არ დარჩეს ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებელი სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე.
რაც შეეხება „კრაკენს“, რომელიც მთელ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება, საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ის ყველაზე სწრაფად ვრცელდება, მაგრამ მას არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. იანვრის მონაცემებით, საქართველოში საშუალოდ დღე-ღამეში კორონავირუსზე 6-7 ათასი ტესტი კეთდება, აქედან 200-300 დადებითია.