თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საფრანგეთში იპოვეს საქართველოს 30 წლის მოქალაქის ცხედარი, რომელიც 10 თვის წინ გაუჩინარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ახალგაზრდა მამაკაცი ქვემო ქართლიდან იყო. ის ეთნიკური აზერბაიჯანელი ელბრუს ნარაჯაევია. ის ქალაქ ნანტში გაუჩინარდა. დაკარგულს 10 თვის განმავლობაში ეძებდა ოჯახი, მეგობრები და ადგილობრივი პოლიცია.
საფრანგეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქის გაუჩინარების საქმე ცოტა ხნის წინ გახსნა. პოლიციელებმა დააკავეს ექვსი ადამიანი, რომელთაგან სამს განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი, ხოლო კიდევ სამს – ავტომობილის დაწვაში. დაკავებულების ასაკი 19-დან 22 წლამდე მერყეობს.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა მიუთითა ელბრუს ნარაჯაევის ცხედრის ადგილი. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 30 წლის მამაკაცის სხეულზე მრავალი ჭრილობა იყო.
სავარაუდო ბრალდებულებმა უკვე მისცეს ჩვენება და აღიარეს ბრალი.