კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კეზერაშვილი და მერაბიშვილი არიან

კალაძე დარწმუნებულია, რომ ხაბეიშვილი მალე დატოვებს „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტს.
Sputnik
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეები დღეს არიან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
შიდაპარტიული არჩევნების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ლიდერი პარტიის აქტიური წევრი, ამჟამად ქვეყნის პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი გახდა, რომელსაც მხარს უჭერენ თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბაშვილი.

„ცხადია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა კეზერაშვილი-მერაბიშვილი... ხაბეიშვილი ამ ადამიანების მიერ დროებით დანიშნული პირია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მას ჩამოაშორებენ და გაათავისუფლებენ ამ თანამდებობიდან, ისე, როგორც გაათავისუფლეს ნიკა მელია", – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, რეალურად ხაბეიშვილი არავინაა და მის უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილი დგანან.
„ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო. შეუძლებელი იყო ლევანს არ მოეგო, იგი ისე ემზადებოდა არჩევნებისთვის, ფიზიკურადაც დაეტყო", – განაცხადა კალაძემ.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას აჩვენა, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია.
„ვნახეთ, როგორი ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ ერთმანეთს, ეს არის მათი ხელწერა. შეუძლებელია, რომ ეს ადამიანები და ეს პარტია შეიცვალოს. გვახსოვს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს რას კადრულობდნენ, რა ჩანაწერებს აკეთებდნენ. ფაქტობრივად ყველა ადამიანზე ჰქონდათ კომპრომატი", – აღნიშნა კალაძემ.
ითანამშრომლებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურ მოძრაობასთან"?>>>
პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პირველ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გამარჯვება შიდაპარტიულ არჩევნებში ეკუთვნის მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის დროზე დააარსა „ნაციონალური მოძრაობა“. ლევან ხაბეიშვილმა ასევე პირობა დადო, რომ იმ დრომდე არ გაჩერდება, ვიდრე სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დაარღვიოს კანონი და არ გამორიცხა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება. მისი თქმით, საქართველოს რეგიონებში გაიხსნება ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ოფისები.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა (ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერდა - რედ.). ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.