თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობა საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერის თქმით, პროგრამის ფარგლებში აშენდება 330 ახალი ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს.
„იცით, რომ ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ქვეყნის მასშტაბით... გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,3 მლრდ ლარი დაიხარჯება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მლნ ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.
სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ტენდერები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
ახალი პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და გარემონტდება. მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი თვითმართველობების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და პრიორიტეტების მიხედვით იგეგმება.