ოჯახური ხელობა, რომელიც წარმატებულ საქმედ იქცა

როდესაც ბავშვი ოჯახში უფროსების საქმიანობას აკვირდება, ხშირ შემთხვევაში თითქმის სარკისებური პრინციპით იმეორებს ხოლმე მათ ქცევას. დროთა განმავლობაში მამიდან შვილზე ასე გადადის ტრადიცია.
Sputnik
რესან ჟოჟაძე აჭარიდან, ქედის რაიონის სოფელ უჩხითიდანაა. 13 წლის იყო, როცა სახლში დურგალი ბაბუის მუშაობას აკვირდებოდა. წლების მერე იმ დროს ასე იხსენებს: „თვეების მანძილზე გავიარე უძილობა, სიცივე, სტრესი და გადაღლა, მაგრამ არ გავჩერდი“. საბოლოოდ შედეგმაც არ დააყოვნა – ძველი ხელსაწყოებით დაწყებული ბაბუის საქმე პროფესიად აქცია და პროექტის „აწარმოე საქართველოში” გრანტიც დაიმსახურა.
რესან ჟოჟაძე თავისი ნამუშევრით
- რესან, თქვენი ნამუშევრებისთვის ძირითადად რა მასალას იყენებთ?
- ვიყენებ წაბლს, წიფელსა და კაკალს და ვაკეთებ ყველაფერს: სამზარეულოს ჭურჭელს, საოჯახო ნივთებს, ჭაღებს, ქალის სამკაულებს, საათებს და ა.შ. ყველაზე უჩვეულო ნამუშევრად ვთვლი ჩემს მერვე ნაკეთობას, რომელსაც ვუწოდე ,,სიცოცხლის ხე აფრიკაში“. ეს უანალოგო მონახაზის ნაკეთობაა და დამზადებულია ხეჭეჭურის ჯიშის მსხლისგან. გადმოცემით ვიცი, რომ ამ ხის ასაკი 250-დან 300 წლამდეა. ნაკეთობა 100%-ით ხელნაკეთია.
რესან ჟოჟაძის ნახელავი
- უცხოეთში თუ იხილეს თქვენი ნამუშევრები?
- დიახ, უცხოეთშიც გაიგეს ჩემზე და სამუშაოს შემოთავაზება მქონდა ოთხი ქვეყნიდან – ამერიკიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან და თურქეთიდან. დღეს ჩემს მომხმარებელთა შორის არიან მინისტრები, ადვოკატები, მსახიობები, მწერლები, მომღერლები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები. მადლობა უპირველესად ღმერთს ყველაფრისთვის, მერე კი თითოეულ ადამიანს, ვინც გვერდში მიდგას.
რესან ჟოჟაძე თავისი ნამუშევრით
- წარმატებებსაც მიაღწიეთ...
- მიხარია, რომ ამ საქმეში წარმატებებს მივაღწიე. ქედის მერმა გადმომცა მადლობის სიგელი იმისთვის, რომ ძველი საქმიანობა აღვადგინე. აჭარის ტელევიზიის რეიტინგული გადაცემის „ერთი დღე სოფელში" წამყვანმა ნათია თავდგირიძემ „წლის რჩეულის“ წოდება მომანიჭა. ჯილდოების გარდა, პროექტისგან „აწარმოე საქართველოში” 30.000 ლარის ფარგლებში გრანტი მივიღე და ამ თანხით მუშაობისთვის საჭირო დაზგა-დანადგარები შევიძინე.
რესან ჟოჟაძის ნახელავი
- თქვენს მშობლიურ სოფელზე რას იტყვით?
- სოფელი უჩხითი ქედაშია და გამორჩეულია ყველაფრით, იქნება ეს ბუნება, ფლორა, ფაუნა თუ ადგილმდებარეობა. გარს გვაკრავს მაჭახლის ეროვნული ტყე-პარკი. სოფელი ისტორიული თვალსაზრისითაც გამოირჩევა, წარსულში მასზე გადიოდა საქარავნო-სავაჭრო გზა, რითაც ის მაჭახლის დასახლებას, შემდეგ კი თურქეთს უკავშირდებოდა.
რესან ჟოჟაძე
- ტურისტები თუ ჩამოდიან თქვენთან?
- ადრე უკვე მყავდნენ ადგილობრივი ტურისტები, ასევე სტუმრებიც უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მინდა, რომ ჩემს კუთხეში მეტი ადამიანი მოვიპატიჟო. დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ქედაში ყველაზე მაღალი დონის ტურისტული ადგილი გაჩნდება და ეს ამ სოფლის მცხოვრებლების კეთილდღეობაზეც აისახება.
ნინო მამულაშვილი