რჩება თუ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას" ნიკა მელია? პოლიტიკოსის განმარტება

მანამდე მელიამ არ გამორიცხა, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, მან „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვოს.
Sputnik
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ლევან ხაბეიშვილს შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
შიდაპარტიული არჩევნები 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვრის 10:00 საათზე დასრულდა. კენჭისყრის შედეგებით, ხაბეიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი – 40%.

„არჩევნები შედგა, მას ჰყავს კონკრეტული გამარჯვებული და მას ვულოცავ ამ შედეგს. ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებას და ვუსურვებ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს – პარტია ემართოს ღირსებით და სიმართლით. მინდა იმედი მქონდეს, რომ ის ამას მოახერხებს“, – განაცხადა მელიამ ბრიფინგზე.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, იგი არ გეგმავს პარტიიდან წასვლას.
„არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ მე ამ ბრძოლაში ვრჩები. ვრჩები ბრძოლაში, რომელსაც შემოვუერთდი 2013 წლიდან და, რა თქმა უნდა, ვიქნები ამ ბრძოლის ავანგარდში... ის მიზნები და ამოცანები, რომელთა მიღწევა და შესრულებაც მე მსურდა 2013 წლიდან, ჯერ კიდევ მიუღწეველია. მიმაჩნია, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს დღეს, ვიდრე 2013 წელს ჰქონდა და ამ რეალობაში მე ვრჩები ბრძოლაში, ვრჩები პარტიაში“, – განაცხადა მელიამ.
მანამდე მელიამ არ გამორიცხა, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, მან „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვოს.
რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე კიდევ ორ კანდიდატს, პარტიის ყოფილმა წევრმა, წარსულში პარტიის თბილისის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნონა მამულაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 3,73% მიიღო, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი მუმლაძემ – 3,68%.
არჩევნებში 41.264-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. სულ დარეგისტრირებული იყო 49.638 ამომრჩეველი.