რევია-კაზაკოვას დუეტი ევროპის ჩემპიონატზე ფინეთში მოცეკვავე წყვილების ათეულში მოხვდა

საქართველოს წარმომადგენლები პირველად მოხვდნენ ევროპის უძლიერეს მოციგურავეთა ათეულში
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოციგურავეებმა გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ მოცეკვავე წყვილებს შორის მერვე ადგილი დაიკავეს.
ფინეთმა კონტინენტურ პირველობას მეოთხედ უმასპინძლა. წელს მასში 35 ქვეყნიდან 131 მოციგურავე მონაწილეობდა: 30 გოგონა, 29 ვაჟი, 13 სპორტული და 23 მოცეკვავე წყვილი. ევროპის ჩემპიონატი 28 იანვარს მოცეკვავე დუეტების თავისუფალი პროგრამით დასრულდა.
კაზაკოვა-რევიას წყვილმა ჯამში 175,82 ქულა დააგროვა, რაც მერვე შედეგი იყო. საქართველოს წარმომადგენლები ზრდასრულთა შეჯიბრებებში ევროპის უძლიერესი მოციგურავეების ათეულში პირველად შევიდნენ. კაზაკოვასა და რევიას შედეგის წყალობით, საქართველომ უფლება მოიპოვა, მომდევნო წელს ცეკვებში ორი წყვილით წარდგეს.
პირველი ადგილი იტალიელმა წყვილმა შარლენ ჯინიარმა - მარკო ფაბრიმ - 210.44 დაიკავა, მეორეზეა დუეტი დიდი ბრიტანეთიდან ლაილა ფირი - ლუის გიბსონი - 207.89, მესამე ადგილი დაიკავეს ტურნირის მასპინძლებმა - ულია ტურკილა - მატიას ვერსლუისმა - 198.21.
ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია - ვიდეო >>
ვაჟთა შორის ინდივიდუალურ სრიალში ქართველმა მოციგურავემ ნიკა ეგაძემ 220,65 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილი დაიკავა.
გუშინ კი საქართველოსთვის პირველი ოქრო ფიგურული სრიალის განვითარების ისტორიაში მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ მოიპოვა.