ბათუმში 42 წლის ქალის მკვლელობა: საქმის ახალი დეტალები

მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ბრალდებულსა და მსხვერპლს შორის ბათუმის ერთ-ერთ კაფეში კონფლიქტი მოხდა
Sputnik
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. გენერალურმა პროკურატურამ გადააკვალიფიცირა 42 წლის გორელი ქალის თვითმკვლელობის საქმე - გამოძიება უკვე მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ქალის ცხედარი 26 იანვარს ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს აბაზანაში ნახეს. თავდაპირველად შსს-მ სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა. ქალის ოჯახი ამტკიცებდა, რომ ის მოკლულია.
მეორე დღეს, 27 იანვარს შსს-მ ეჭვმიტანილი დააკავა. სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის“ და „განზრახ მკვლელობის“ მუხლებით აღიძრა.
გამოძიების ვერსიით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს. მომხდარი ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში. იმავე დღეს, რამდენიმე საათის შემდგომ, ქალი ამ სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. აქტიურად მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.