თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. დღეს საქართველო ბევრად უკეთესია, ვიდრე ათი წლის წინ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
PACE-მ გუშინ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ ვალდებულებებისა და დაპირებების შესრულებაში მიღწეულ პროგრესს, თუმცა ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმები უნდა განაგრძოს.
„კარგია, რომ უკვე გვაქვს ევროკავშირის მიერ შემუშავებული 12 რეკომენდაცია, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს ევროინტეგრაციისთვის საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გზას. დღეს ნამდვილად გვაქვს უკეთესი საქართველო, ვიდრე ის იყო ათი წლის წინ. მადლობას გიხდით შესანიშნავი თანამშრომლობისთვის და გარწმუნებთ თქვენ, ჩვენს პარტნიორებს, რომ ვალდებულებები ნამდვილად შესრულდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველომ დაამტკიცა, რომ, მიუხედავად გამოწვევებისა, მას შეუძლია რეფორმების გატარება და დემოკრატიის განმტკიცება. მისი თქმით, ბოლო წლებში ჩატარებული სამუშაოები მოიცავს საკონსტიტუციო შესწორებებს, რომელთა მეშვეობით უზრუნველყოფილი იყო ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ძლიერი გარანტიები.
„ახლა ჩვენ გვაქვს უფრო ძლიერი და პლურალისტური პარლამენტი, ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე ოპოზიციის საქმიანობისთვის განკუთვნილი უფრო ეფექტური მექანიზმებით. მედია გახდა დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, სასამართლო რეფორმის შედეგად 60%-ით შემცირდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელების რაოდენობა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ეს შედეგი სასამართლო რეფორმის გაგრძელების საფუძველს იძლევა.
როგორც PACE-ს გუშინ მიღებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციით, რომელიც გავლენას ახდენს რეფორმებზე და დაინტერესებული მხარეების რეფორმებში მონაწილეობაზე, რაც აუცილებელია საქართველოს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
ასამბლეა ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, ჩაატაროს სასამართლო სისტემის რეფორმის დეტალური დამოუკიდებელი შეფასება შემდგომი რეფორმების მიმართულებების განსაზღვრის მიზნით „ქვეყანაში ნამდვილი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფისთვის“.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია დაძაბულობის შემცირება ქართულ მედიაგარემოში.
PACE მოუწოდებს მთავრობას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რისკენაც ის სამართლიანად მიისწრაფვის, აღნიშნულია რეზოლუაციაში.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება.