თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საჰაერო კომუნიკაციების შესახებ", რომელიც ხელს შეუწყობს რეგულარული ავიაგადაზიდვების განხორციელებას და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
ორი ქვეყნის მთავრობებს შორის შეთანხმებას ლონდონში ხელი მოაწერა არველაძემ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ავიაციის, საზღვაო ნავიგაციისა და უსაფრთხოების მინისტრმა ბარონესა ვერემ.
დოკუმენტი უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდის ფარგლებში გაფორმდა.
საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების თანახმად, ავიასაწარმოებს საშუალება ექნტბათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც განხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.
ასევე, შეთანხმების პროექტით დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება, უფლებების მინიჭება, ავიაგადამზიდველების დანიშვნა, ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება, ავიაკომპანიების მიერ ერთობლივი კოდექსების გამოყენება და ა.შ.
საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს მრავალ პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის: ისრაელთან, ჩინეთთან, კორეის რესპუბლიკასთან, ინდოეთთან, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან, ბაჰრეინთან, კატართან და ა.შ.
დიდ ბრიტანეთთან შეთანხმების ორმხრივად გაფორმების საჭიროება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დადგა.