მინისტრი: ქვეყანა მკაცრად აკონტროლებს თავის ტერიტორიაზე სანქცირებული ტვირთის გადაადგილებას

საქართველოს ჰყავს ორი სერტიფიცირებული ექსპერტი სანქციების აღსრულებაში, განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცების მომენტიდან შემოსავლების სამსახური მკაცრად აკონტროლებს სანქცირებული საქონლის გადაადგილებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველო იცავს ყველა საერთაშორისო სანქციას და, ამასთან, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.

„აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 14 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები“, – განაცხადა ხუციშვილმა.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის რენტგენოსკანერები. შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით ასევე გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები.
„სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია“, – განაცხადა მინისტრმა.
მან ამ მიმართულებით ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის პარტნიორებს მადლობაც გადაუხადა.
ლაშა ხუციშვილი: ათასზე მეტი ოპერაცია შევაჩერეთ სანქციების გვერდის ავლის რისკის გამო>>>
როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და დაკავშირებული სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) დახმარებით ორგანიზებულ იქნა რამდენიმე დისტანციური და ფიზიკური შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების, საბანკო სექტორისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ჩართულობით.
მინისტრის თქმით, საქართველოში სანქციების აღსრულების ორი სერტიფიცირებული ექსპერტია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით საქართველომ მიიღო წვდომა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმა DOLFIN-ზე და ამჟამად საბაჟო დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა, შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემდეგ, სერტიფიკატები მიიღო.
როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, 2022 წლის 24 თებერვლიდან საბაჟო ორგანომ სანქციების დარღვევის რისკის გამო ათასზე მეტი ოპერაცია შეაჩერა.
მინისტრის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ გემებისა და გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქცირებულთა სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.