თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში დაიწყო საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენა, რაც ქარიშხლის დროს დაზიანდა, იუწყება რეგიონის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
დასავლეთ საქართველოს იანვრის დასაწყისში ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა სამ რეგიონში, სერიოზული ტრავმა მიიღო რამდენიმე ადამიანმა, ერთი კი დაიღუპა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში აღდგენითი სამუშაოებისთვის 5,3 მლნ ლარზე მეტი გამოიყო.
ქარიშხლის შედეგები სამეგრელოში
© photo: Sputnik / Stringer
ძლიერმა ქარმა რეგიონში დაახლოებით 40 მრავალსართულიანი სახლის სახურავი დააზიანა. კორპუსების გარდა, დაზიანდა კერძო სახლების სახურავებიც.
ადმინისტრაციის მონაცემებით, რეგიონში მთლიანობაში მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებულია 2,4 ათასი სახლის სახურავი. მოსახლეობის დაზიანებული სახლების აღსადგენად მთავრობამ დაახლოებით 1,5 მლნ ლარი გამოყო. მთავრობა აუცილებელ თანხას გასცემს როგორც სამშენებლო მასალის შესაძენად, ისე მუშახელის ხელფასებისთვის.
აღდგენითი სამუშაოები დაიწყო ასევე იმერეთში, სამტრედიაში, სადაც ქარიშხალმა ასევე დააზიანა საცხოვრებელი სახლები.
სამტრედიაში აღდგენითი სამუშაოებისთვის 1,4 მლნ ლარი გამოიყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 15 მრავალსართულიანი სახლის სახურავების სრული აღდგენა, ხოლო ნაწილობრივ რემონტს 17 მრავალსართულიან სახლში აკეთებენ. დაახლოებით 250 ოჯახი კერძო სახლების რემონტისთვის თუნუქის სახურავს მიიღებს.
პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ ყველა დაზარალებული ოჯახი არ დაკმაყოფილდება.
ქარიშხლის შედეგები სამეგრელოში
© Samegrelo-Zemo Svaneti Region Administration
უფრო ადრე საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ ქარიშხლის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობა სამ რეგიონში – სამეგრელო–ზემო სვანეთში, გურიასა და იმერეთში 20 მლნ ლარს აღწევს.
უამინდობის შედეგების სალიკვიდაციოდ პრემიერმა ღარიბაშვილმა სპეციალური შეხვედრა გამართა გუბერნატორებთან, სადაც პრობლემების მოგვარების გეგმა განიხილეს.