თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ერთ-ერთი უმსხვილესი შვეიცარიული ბანკი Credit Suisse მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური მიზეზების გამო პრობლემებს უქმნის, რათა ის პოლიტიკაში დაბრუნდეს და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მილიარდერისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ 2016 წლიდან გრძელდება. ერთ შემთხვევაში საუბარია თაღლითობის შედეგად მიყენებულ ზიანზე, როდესაც ივანიშვილის ანგარიშებიდან 400 მლნ დოლარი გაქრა, მეორეში კი Credit Suisse-ის ორ ტრასტზე, რომლებმაც 2022 წლის 4 მარტიდან მოთხოვნილი ტრანზაქციების განხორციელებაზე უარი განაცხადეს.
„მოტივი არის ცალსახად პოლიტიკური, რაზე მინიშნებებიც ჰქონდა თავად Credit Suisse-ს. თავად ბიძინა ივანიშვილმაც თავის წერილში რამდენიმე თვის წინ აქცენტი გააკეთა, რომ ყველაფრის თავი და თავი არის პოლიტიკური შანტაჟი“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ივანიშვილს შანტაჟის გზით აიძულებენ პოლიტიკაში დაბრუნებას.
„ჩვენ ვხვდებით, რა არის ამ ყველაფრის მიზანი. მინიშნება არის ის, რომ ვიღაცებს სურთ აიძულონ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების წინააღმდეგ დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში და გააკეთოს ის, რაც არ უნდა გაკეთდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი მცდელობები უშედეგო იქნება.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მას ვერავინ აიძულებს გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ Credit Suisse-ის მოქმედებას მეანაბრეების მიმართ ყაჩაღობა უწოდა.
„ეს არის ჩვეულებრივი ყაჩაღობა, რასაც ვაკვირდები ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარიულ ბანკში, რომლის რეპუტაცია უკვე არის გაცამტვერებული და ამის თაობაზე საერთაშორისო მედია ძალიან ფართოდ საუბრობს“, – განაცხადა კობახიძემ.
„არაფორმალური სანქციები"
ივანიშვილის Credit Suisse-სთან ურთიერთობა 2022 წლის თებერვლის ბოლოს, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, სამართლებრივ სივრცეს გასცდა და წმინდა პოლიტიკური გახდა. მარტიდან ივანიშვილს პრობლემები გაუჩნდა როგორც პირადი თანხების, ისე ხელოვნების ნიმუშების და საფრენი აპარატების მიღებასთან დაკავშირებით.
მაშინ დიდი ძალისხმევის შედეგად პრობლემების მცირე ნაწილი სასამართლოს გზით მოგვარდა. ივანიშვილს წვდომა მის ძირითად აქტივებზე ამ დრომდე შეზღუდული აქვს. საადვოკატო ბიურომ ამ მოვლენას „არაფორმალური სანქციები“ უწოდა.
ამ შემთხვევაში საუბარია არა იმ თანხებზე, რომელიც ივანიშვილმა Credit Suisse-ის მენეჯერის პატრის ლესკოდრონის თაღლითური სქემის შედეგად დაკარგა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა. წლების შემდეგ ბერმუდის კუნძულების უზენაესმა სასამართლომ შვეიცარიულ სადაზღვევო კომპანია Credit Suisse Life-ს დაავალა დაზარალებული მეანაბრეებისთვის ზარალის ანაზღაურება 607,35 მილიონი დოლარის ოდენობით.
ამჟამად საქმე ეხება თანხებს, რომელთაც თაღლითური სქემა არ შეხებია. ივანიშვილმა ამ თანხის ნაწილი სხვა შვეიცარიულ ბანკში გადაიტანა, ხოლო მცირე ნაწილი, დაახლოებით 5% Credit Suisse-ში დატოვა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო ფორმალური საჭიროება მიმდინარე დავების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნვესაყოფად.
სხვა ბანკში თანხების გადარიცხვის მიუხედავად, აქტივები ორი ტრასტის მეშვეობით იმართებოდა, რომლებიც ივანიშვილს იმავე Credit Suisse-მა ურჩია. ერთ-ერთი ტრასტი სინგაპურში მდებარეობს, მეორე კუნძულ გერნსის (დიდ ბრიტანეთს დაქვემდებარებული ტერიტორია) იურისდიქციას ეკუთვნის. ძირითადი თანხა სწორედ ამ უკანასკნელი ტრასტის მეშვეობით იმართება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არის Credit Suisse-ის ტრასტი, იგი საკმაო ხნის განმავლობაში ასრულებდა თავის ფუნქციებს ივანიშვილისთვის დაბრკოლებების შექმნის გარეშე. პრობლემები 2022 წლის მარტში დაიწყო. თავდაპირველად ეს იყო გადარიცხვების ერთთვიანი დაგვიანება, ხოლო შემდეგ ივანიშვილის კუთვნილ თანხებზე წვდომის სრული ბლოკირება.
მარტში გერნსის ტრასტმა თანხების გადარიცხვაზე უარის მიზეზად „აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური ვითარება“ დაასახელა, მოგვიანებით კი გამოსავალი იპოვა ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციაში, რომელიც მოუწოდებდა ევროპულ საბჭოს დაეწესებინა სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ. ტრასტმა განაცხადა, რომ მზადაა გადარიცხოს თანხები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას სასამართლო დაავალდებულებს.
შედეგად, ივანიშვილის დაცვის მხარემ გერნსის სასამართლოს მიმართა. სასამართლო სხდომა, რომელიც 2022 წლის სექტემბერში უნდა გამართულიყო, რამდენჯერმე გადაიდო. პროცესი 2023 წლის მარტისთვის არის ჩანიშნული. საადვოკატო ბიურო არ გამორიცხავს, რომ კიდევ ერთხელ გადაიდოს ეს ფორმალური პროცედურა, რომელიც სასამართლო დავასაც კი არ წარმოადგენს და რომელსაც მხოლოდ ერთი დღე სჭირდება.
ამასობაში მეორე ტრასტმა, რომლის მართვაშიც გაცილებით მცირე თანხა იყო, ევროპარლამენტის მეორე, უფრო მკვეთრი რეზოლუციიდან მეორე დღესვე (14 დეკემბერს) ივანიშვილს თანხა გადაურიცხა.
„ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუციის რეალური „ფასი“ და ეს „ფასი“ იცის Credit Suisse-მაც. სწორი იქნებოდა, რომ ბანკს პირველ შემთხვევაშიც ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა მეორე შემთხვევაში... ეს ყოველივე ნიშნავს და გულისხმობს, რომ პოლიტიკური შანტაჟი გრძელდება და, როგორც ჩანს, მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია საადვოკატო ბიურო MKD Law-ს განცხადებაში.
ივანიშვილის ინტერესების დამცველმა იურიდიულმა კომპანიამ დაარღვია სამთვიანი დუმილი განაცხადა რა, რომ Credit Suisse-ის (ერთ-ერთი უდიდესი საფინანსო ინსტიტუტი შვეიცარიაში და მსოფლიოში) მენეჯმენტი მთელი ამ ხნის განმავლობაში ქმნიდა მოლაპარაკების მცდელობის იმიტაციას.
„თუმცა, ახლა ჩვენთვის ცხადია, რომ ბანკის მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა სინამდვილეში პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა და არა რაიმე სხვას, თუნდაც ბანკისთვის რაიმე სარგებლის მიღებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
საადვოკატო ბიურო აპირებს საქმის ახალი დეტალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას არა მარტო ქართულ, არამედ დასავლურ მედიაშიც, თუ, რა თქმა უნდა, ამჯერად ეს მოხერხდება.
საერთაშორისო და შვეიცარიულმა მედიასაშუალებებმა, რომლებიც უპრობლემოდ აშუქებდნენ ინფორმაციას ბანკის დარღვევებთან, სასამართლოსა და მართლმსაჯულების ხარვეზებთან დაკავშირებით, ივანიშვილის დაცვის მხარის განცხადებებისთვის, რომელშიც საუბარი იყო, თუ როგორ მოქმედებდა Credit Suisse-ის მენეჯმენტი ბანკის იმიჯის და შვეიცარიის სახელმწიფოს რეპუტაციის დასაზიანებლად და ჩართული იყო პოლიტიკურ ზეწოლაში, მედიასივრცე დახურეს, აღნიშნულია განცხადებაში.