სამტრედიაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

იანვრის შუა რიცხვებში ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში პრობლემები შექმნა.
Sputnik
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. სამტრედიაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რისთვისაც 1,4 მლნ ლარია გამოყოფილი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ამ ეტაპზე სახურავის სრული რეაბილიტაცია უტარდება 15 მრავალსართულიან, ხოლო ნაწილობრივი რეაბილიტაცია - 17 მრავალსართულიან კორპუსს. ამასთან, დაახლოებით 250-მდე ოჯახს გადაეცემა თუნუქი სახურავის შესაკეთებლად.
მთლიანობაში იმერეთში ძლიერმა ქარმა ნაწილობრივ ან მთლიანად დააზიანა 4 ათასზე მეტი კერძო სახლის სახურავი, ასევე 380-მდე მრავალსართულიანი შენობა და 200-მდე სახელმწიფო შენობა-ნაგებობა.
იანვრის შუა რიცხვებში დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი იყო, რომელმაც რეგიონებში ინფრასტრუქტურა დააზიანა. სტიქიის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთი კი დაიღუპა.
წაქცეული ხეები და ბოძები: ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა>>>
როგორც ადრე საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, საქართველოს სამ რეგიონში – სამეგრელო–ზემო სვანეთში, გურიასა და იმერეთში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 20 მილიონ ლარს მიაღწია.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით 19,695 მლნ ლარი გამოიყო. გარდა ამისა, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე კომპენსაციის გაცემის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კიდევ 1,470 მლნ ლარი გამოიყო.