„სამარცხვინო სპეკულაციაა“ - თბილისში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს უპასუხეს

ფრენების აღდგენას „არავითარი კავშირი არ აქვს რუსების მოზღვავებასთან საქართველოში“, განაცხადა კობახიძემ.
Sputnik
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში საქართველოდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განიხილავს, სამარცხვინო სპეკულაციაა, განაცხადა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოებისთვის რეალური რისკების მომატების შემთხვევაში საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვის შესაძლებლობას იმისთვის, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა უკრაინის მოქალაქეების საქართველოდან მასობრივი ევაკუაციის განსახორციელებლად.

„კასიანოვის დღევანდელი განცხადება არის სამარცხვინო სპეკულაციური განცხადება“, – განაცხადა კობახიძემ.

მან აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ გადაიტანა სამი „სპეკულაციური კამპანია“ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით. ერთი იყო მარტში, მეორე – ზაფხულის სეზონზე და მესამე – რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სამივე (კამპანია) იყო ცარიელი სპეკულაცია. არავითარი რისკები არ შექმნილა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, არც საქართველოში მცხოვრები უკრაინელების უსაფრთხოებისთვის. ეს ყველაფერი იყო ცარიელი სპეკულაცია, სამარცხვინო სპეკულაცია“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ყველასათვის ცნობილია, რომ ფრენების აღდგენას „არავითარი კავშირი არ აქვს რუსების მოზღვავებასთან საქართველოში“, აღნიშნა მან.
„ცალმხრივად არის შეწყვეტილი ფრენები რუსეთის მხრიდან, ეს იყო მათი მხრიდან დაწესებული სანქცია და თუ ეს სანქცია გაუქმდება რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს მათი გადაწყვეტილებაა და ჩვენ ამაზე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ერთადერთი, რაც შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილება იქნება შეღავათი მილიონამდე ქართველისთვის, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში“, – განაცხადა კობახიძემ.
2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
ლავროვს იმედი აქვს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე განახლდება>>>
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგია >>
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.
ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და ასევე იმ შეხვედრების ფარგლებში, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინს შორის იმართება პრაღაში 2012 წლიდან.