ლაშა ხუციშვილი: საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა სანქციების შესრულების კუთხით

საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად ყოველდღიურად ცვლის ინფორმაციას იმ ქვეყნებთან, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
Sputnik
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საქართველო სათანადოდ ასრულებს საერთაშორისო სანქციებს როგორც ვაჭრობის, ისე საფინანსო სექტორის მიმართულებით და ამ კუთხით ყოველდღიური კავშირი აქვს პარტნიორებთან, რომლებმაც ეს შეზღუდვები დააწესეს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ბრიფინგზე.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამერიკული ტელეარხი CNN-ის ჟურნალისტი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და, განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე, და იკითხა, გადაჭრის თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას.

„სანქციების აღსრულების ნაწილში, როგორც საფინანსო სექტორის, ასევე ვაჭრობის ნაწილში, საქართველოს ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მიერ ძალიან მკაცრი კონტროლი ხორციელდება“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მჭიდრო კოორდინაციაშია პარტნიორებთან – შეერთებულ ტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან. ინფორმაციის გაცვლა პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ხდება.
„მუდმივ კომუნიკაციაში ვართ უშუალოდ იმ ორგანოებთან და სააგენტოებთან, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის კონტროლს როგორც ევროკავშირში, ასევე დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში, რომელთაც უშუალოდ დაწესებული აქვთ სანქციები“, – განაცხადა ხუციშვილმა.
კობახიძე CNN-ს მასშტაბური სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს>>
მინისტრმა აღნიშნა, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს ეჭვისა, რომ საქართველოში სათანადოდ არ სრულდება სანქციები.
„პირიქით, ძალიან ბევრი მადლობის წერილი აქვს საქართველოს მიღებული იმ ღონისძიებებისთვის, რაც განხორციელდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რათა სანქციების აღსრულება მოხდეს იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც არის დადგენილი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა“, – განაცხადა მინისტრმა.
ქართულ ოცნებაში" უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებას უტიფრობა უწოდეს>>
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა, თავისი სანქციები დაეწესებინა რუსეთის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველო იცავს ყველა საერთაშორისო სანქციას და, ამასთან, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს