თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ოპოზიციის ნაწილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს – საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არავის შეუცვლია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა „დროამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“ და „სტრატეგია-აღმაშენებელმა“, ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი აქცია დააანონსეს და მოსახლეობას 24 თებერვალს თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს.
მათიკაშვილის თქმით, საზოგადოებისთვის სიახლე არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული ჯგუფები ცდილობენ ქვეყანაში მოაწყონ არეულობები, გამოიწვიონ ქაოსი და შეაფერხონ საქართველოს განვითარების სტაბილური ტემპი.
„ასეთი მცდელობა აქამდეც ყოფილა, მაგრამ ყველა ეს მცდელობა ფიასკოსთვის არის განწირული, რადგანაც ელექტორალური მხარდაჭერის კუთხით ამ პარტიების მხარდაჭერა ნულის ტოლია. იდეებიც, რომლებსაც ეს ბატონები აჟღერებენ, საზოგადოების მოტყუების მცდელობაა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო დონეზე სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა, რომ ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური ვექტორი ევროპაა, ხოლო „ნაცმოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა ცვლილებებს ქვეყნის ძირითად კანონში.
„ამ რადიკალურ პარტიასთან აფილირებული ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს საკუთარი ტყუილები მოახვიოს თავს საზოგადოებას და ამით პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკიდან გადახვევაში მუდმივად ადანაშაულებს. თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ოპოზიცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ახორციელებს.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.