თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის თვითმხილველები საზარელი ფაქტის დეტალებს იხსენებენ.
გამოძიების ინფორმაციით, 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა საკუთარი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, ხუთი დაშავებული პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდა ამისა, გარდაცვლილია თავად მსროლელი – სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.
თვითმხილველების თქმით, სროლა გუშინ საღამოს, დაახლოებით 00:10 საათზე დაიწყო. ინტენსიური სროლის ხმა დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ისმოდა.
მისი თქმით, გარდაცვლილები მეზობლები იყვნენ და ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ.
როგორც მეზობლები აცხადებენ, ნოდარ ათუაშვილი მარტო ცხოვრობდა, თუმცა ინციდენტის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა მისი 20 წლის ვაჟი, რომელმაც მოახერხა ბინიდან გამოსვლა. ახლა იგი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. ამ დრომდე უცნობია მოტივი, რამაც ტრაგედია გამოიწვია.
ერთ-ერთი დაჭრილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ეზოში მაშინ ჩავიდა, როცა სროლის ხმა გაიგონა. სწორედ ამ დროს დაჭრეს იგი ფეხში. რამდენიმე მეზობელი უკვე გარდაცვლილი იყო. მისი თქმით, ყველა დაღუპული და დაჭრილი ადგილობრივი მცხოვრებია.
როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა ტელეკომპანია „ფორულასთან“ განაცხადა, რამდენიმე საათის განმავლობაში ერთ-ერთი დაჭრილი მის სახლში იმყოფებოდა, რადგანაც მათ გარეთ გასვლის ეშინოდათ. მან დაჭრილს პირველადი დახმარება ოჯახურ პირობებში გაუწია.
ადგილობრივების თქმით, მათ ხელყუმბარის აფეთქების ხმაც გაიგონეს. რაც შეეხება პოლიციელს, იგი სასიკვდილოდ მაშინ დაიჭრა, როდესაც ერთ-ერთი გოგონას გადარჩენას ცდილობდა.
ბრალდებული 2006 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა. იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.