საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა

საგარეჯოში მამაკაცმა ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს და ადგილზე მისულ პოლიციელებს. დაიღუპა ხუთი ადამიანი, კიდევ ხუთი კი დაიჭრა.
Sputnik
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო.
საგარეჯოში 48 წლის მამაკაცმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, ხუთი დაშავებული პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდა ამისა, გარდაცვლილია თავად მსროლელი – სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.

„ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტმა თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული 2006 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა. იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში.
ტრაგედია საგარეჯოში - შსს დაღუპული პოლიციელის ოჯახს უსამძიმრებს>>
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს