თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლისა და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.
საგარეჯოში 48 წლის მამაკაცმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, ხუთი დაშავებული პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდა ამისა, გარდაცვლილია თავად მსროლელი – სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.
„გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს. თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.
დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო. დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები და გმირი პოლიციელი, რისი გააზრებაც ძალიან მძიმეა. მათი ოჯახების წევრებთან და ახლობლებთან ერთად ამ ტრაგედიას თითოეული ჩვენგანი გლოვობს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახების წევრებს და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას და ოჯახებში დაბრუნებას ვუსურვებ“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით შეძრწუნებულია დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
„ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს. დაღუპულთა შორის არის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს! ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“ – დაწერა კალაძემ სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული 2006 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა. იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.