საქართველო ესპანეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

გამოფენაზე მსოფლიოს 130-ზე მეტი ქვეყნის 8 ათასზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი.
Sputnik
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენაში fitur-2023, იუწყება ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
მადრიდში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა მონაწილეობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ასევე რვა ტურისტული კომპანია.
გამოფენის ფარგლებში ესპანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ტურისტული კომპანიების, საერთაშორისო მასმედიისა და საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებთან.
FITUR-2023-ზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლები იხილონ და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ.
The New York Times მოგზაურობის მოყვარულებს საქართველოში სტუმრობას ურჩევს>>
გამოფენას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ესწრებიან.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე 130-ზე მეტი სახელმწიფოდან 8 ათასზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი. FITUR-2023-ს 100 ათასზე მეტი დამთვალიერებელი და ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება.
Fitur არის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, რომელიც 30 წელზე მეტია იმართება. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიება ტურიზმის სფეროში. მონაწილეებს შორის არიან ტურისტული ინდუსტრიის ყველა სეგმენტის წარმომადგენლები: ტურ-ოპერატორები, ტურისტული სააგენტოები, სასტუმროები, გადამზიდველები, ტურისტული ოფისები, ბიზნეს-კომპანიები და ა.შ.